პოლიტიკოსების მიერ გაცემული დაპირება უნდა იყოს არა პოპულისტური არამედ რეალურ გათვლებზე დაფუძნებული.
ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე, პენსიის 50 ლარით გაზრდის თემაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის კანონს ბიუჯეტის შესახებ ამტკიცებს პარლამენტი და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არ უნდა წაართვას ამ თემაზე მსჯელობის შესაძლებლობა პარლამენტს. მინისტრი ამბობს, რომ ხელისუფლება შეასრულებს იმ კანონს, რასაც დაამტკიცებს პარლამენტი.
რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის გაზრდას, რაც 2016 წლის ბიუჯეტის კანონპროექტითაა გათვალისწინებული, სერგეენკო ამბობს, რომ ეს ბუნებრივი პროცესია და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იგივე პრაქტიკაა.
„საყოველთაო ჯანდაცვა იყო ის ერთერთი ყველაზე დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, რაც გაკეთდა. ხაზი მინდა გავუსვა ორ პოსტულატს – რომ არ არსებობს სახელმწიფოში უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა. ჯანდაცვაში დახარჯული ფული არ არის უბრალოდ დახარჯული, არამედ ეს არის პირდაპირი ინვესტიცია ეკონომიკაში. რაც შეეხება იმას, რომ საყოველთაო ჯანდაცვაში გახდა საჭირო თანხის დამატება, ეს ბუნებრივია, რადგან მთელ მსოფლიოში ასე ხდება,“ – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.
დავით სერგეენკო აღნიშნავს, რომ საქართველოს შემთხვევაში მოსახლეობის ნახევარი, ვინც ვერ ახერხებდა ექიმთან მისვლას, დღეს ამას აკეთებს სწორად და უარს ამბობს თვითმკურნალობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ რეფორმა სწორია.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა”. “2016 წლის ბიუჯეტში პენსიის 50 ლარით ზრდას რეალისტურად მიიჩნევს.
რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტს, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად. საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი 470 მილიონი ლარიდან 570 მილიონამდე იზრდება.