საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მადლობას უხდის.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” განაცხადა, სადაც გლობალური კონფერენცია “ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში: საქართველო და მსოფლიო” იმართება, ჯანდაცვასთან დაკავშირებული პროექტების წარმატებით მიმდინარეობა სწორედ მისი და მისი გუნდის დამსახურებაა.
“მინდა შევეხო ძალიან წარმატებულ და უაღრესად მნიშვნელოვან პროგრამას, რომელიც ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. ეს არის C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც ბრძოლა გამოუცხადა ამ უმძიმეს სენს. ეს პროგრამა მიზნად ისახავს სწორედ ამ ვირუსის ბოლომდე აღმოფხვრას.
დღეს საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა არის ხელმისაწვდომი ყველასთვის და ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებმაც თითქმის ბოლომდე დაამარცხეს ის. ჩვენ საშუალება გვაქვს, რომ წელსვე დავიწყოთ პროგრამის მეორე ეტაპი. ვფიქრობ, ეს იქნება ჩვენი საერთო გამარჯვება, ვინაიდან დავამარცხებთ ძალიან დიდ პრობლემას, რომელსაც ქვია C ჰეპატიტი. რა თქმა უნდა, ეს წარმატება არის ჯანდაცვის სწორი პოლიტიკის შედეგი.
მინდა ამ და სხვა პროექტების წარმატებით განხორციელებაში აღვნიშნო ჩვენი მინისტრის, დავით სერგეენკოს როლი და მას, მის გუნდს და სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.