ჯენერიკ მედიკამენტების ბაზარზე შემოსვლის საკითხს ინფექციონისტი და გასტროენტეროლოგი ირაკლი ხმალაძე გამოეხმაურა:
“ზოგადად, ორიგინალი მედიკამენტის უპირატესობაა პრაქტიკა, გამოცდილება, შედეგი და სწორედ, მისი ორიგინალობა, თუმცა გამოცდილებით, ფარმაცევტული ეფექტურობითა და ხარისხით არც ჯენერიკები ჩამოუვარდება მას. საბედნიეროდ, არსებობს ქართული პრეპარატებიც, რომლებიც ბევრ ევროპული ქვეყნის მედიკამენტებს სჯობს. ზოგადად ვფიქრობ, რომ ყველა პრეპარატის შესწავლა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად. მხოლოდ იმაზე დაყრდნობა, რომ ესა თუ ის ფარმაცევტული კომპანია კარგია, ამით არაფერი არ განისაზღვრება. ერთია ფორმულა, მეორეა დამზადების ნორმები და სტანდარტები“.
ხმალაძე აღნიშნავს, რომ უფლება არავის არ აქვს, რომელიმე კომპანიას წამლის გაყიდვა ავუკრძალოთ:
„ამიტომ როდესაც საუბარია ჯენერიკზე, თითოეული სახის მედიკამენტზე უნდა იყოს ინდივიდუალური კონტროლი, ასევე პრაქტიკოსი ექიმების აზრის გათვალისწინებითა და საერთო მსჯელობის საფუძველზე დაყრდნობით დადგინდეს თუ რომელი პრეპარატებია სანდო, ეფექტური, ხარისხიანი. აქ არაფერია საუცხოო, არსებობს სპეციალური მეთოდიკა, კერძოდ, როდესაც პრეპარატის დარეგისტრირების საკითხი დგას, ითხოვენ ამ პრეპარატებზე დასკვნას.
მაგალითად, მეც მქონია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მთხოვეს მსგავსი დასკვნის მომზადება. ჯენერიკების კიდევ უფრო დიდი რაოდენობით შემოსვლა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, რასაკვირველია, მოხსნის ქვეყანაში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას, მაგრამ თითოეულ მათგანზე უნდა იყოს მაქსიმალური ინფორმაცია და დასკვნა დაიდოს პროფესიონალი პრაქტიკოსი ექიმებისაგან“.
ინფექციონისტი სადაზღვევო კომპანიების მხრიდან მოსალოდნელ პრობლემას ასახელებს, რომელიც შესაძლოა შეიქმნას:
„არ უნდა შემზღუდოს დაზღვევამ პრეპარატის დანიშვნის დროს, თუ იყო შემთხვევები, როდესაც, პაციენტს კატეგორიულად არ სურს ქართული პრეპარატის მიღება და ითხოვს კონკრეტული ქვეყნის ბრენდს. ამიტომ ექიმი უნდა იყოს თავისუფალი არჩევანში მედიკამენტის დანიშვნისას“.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინდური კომპანიები დაინტერესდნენ ქართული ფარმაბაზრით.
„როდესაც გვესმის ინდური, ეს ასოცირდება რატომღაც, იაფფასიან პროდუქციასთან. ინდური წარმოების მედიკამენტი ძალიან ეფექტური და საკმაოდ, ხარისხიანია. არ შეიძლება შევზღუდოთ პაციენტი არჩევანში, უნდა ავუხსნათ რომ არსებობს კონკრეტული სიმპტომების სამკურნალო, როგორც ბრენდული, ისე ჯენერიკი. ექიმის რჩევისა და მისი სურვილების მიხედვით, ოპტიმალური ვარიანტი უნდა შეირჩეს“,– აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.