ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული უახლესი რეფორმები შეაფასა და თავისი აზრი დააფიქსირა პედიატრმა ირაკლი ბეგოიძემ. ექიმმა ისაუბრა ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმაზე და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერების ინიციატივა დადებითად შეაფასა.
,,ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა მისასალმებელია და პაციენტებზეა მორგებული. საქართველოში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა ყოველდღიურად იზრდება. ის რეფორმები, რომლებსაც, დღესდღეობით, ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს, ხალხს შესაძლებლობას აძლევს მაქსიმალურად ნაკლები დანახარჯით მართონ საკუთარი ჯანმრთელობა. აღნიშნული რეფორმაც, სწორედ, ამას ემსახურება.
გარდა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდისა, პირველადი რგოლის რეფორმა და ზოგადად, ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერება, პაციენეტებს დადებით შედეგეს მოუტანთ, კერძოდ, აღარ მოუწევთ სხვადასხვა სპეციალისტებთან სიარული, რიგებში დგომა და დროის დაკარგვა. ოჯახის ექიმთან ვიზიტისას მოხდება მათი სწორად ინფორმირება საკუთარი ჯანმრთელობისა და დაავადების მდგომარეობის შესახებ. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში გადაწყდება მათი სწორად გადამისამართება ვიწრო სპეციალისტთან. ხშირ შემთხვევაში, ოჯახის ექიმი თავად ერთვება დროულად აღმოჩენილი დაავადების მკურნალობაში.“
ამასთან, პედიატრი ექიმების დატრენინგების აუცილებლობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების წარმატებისა, აუცილებელია, ყველა ექიმს, ოჯახის ექიმისა თუ ვიწრო სპეციალისტის გადამზადება – უწყვეტი განათლების კურსები.
„უწყვეტი განათლება მნიშვნელოვანია ექიმის პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. მოგეხსენებათ, მედიცინა დღითიდღე უფრო ვითარდება და მედიკოსები მუდმივად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ამ სფეროში არსებულ სიახლეებზე’’.
ირაკლი ბეგოიძემ მედიკამენტების გაძვირებაზეც ისაუბრა და უკმაყოფილილება გამოთქვა კატასტროფულად გაზრდილ ფასებზე. მედიკოსმა ჯენერიკ მედიკამენტებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ისინი სრულიად უსაფრთხო და სანდოა.
„ექიმებს გვეშინია პაციენტებისთვის რეცეპტის გამოწერა. ისინი ხშირ შემთხვევაში ვეღარ აგრძელებენ მკურნალობას მედიკამენტების სიძვირის გამო. ეჭვსასც კი, გამოთქვამენ, იმის თაობაზე, თითქოს, ექიმმა გამიზნულად გამოუწერა მათ ძვირადღირებული წამალი. რეალურად, პრობლემა სააფთიაქო ქსელებშია.
თითქმის ყველა მედიკამენტზე ფასები ორჯერ გაიზარდა. ამიტომ საუბარია, ორიგინალი მედიკამენტებთან ერთად ფარმაცევტულ ბაზარზე მოხდეს ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება. ეს მისაღები და აუცილებელია. ჯენერიკებით მკურნალობა, სრულიად უსაფრთხოა, ამასთან ის სანდოა და ანალოგიური ეფექტის მქონდე მედიკამენტია, როგორც ორიგინალი პრეპარატი“.