მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ინდოეთში ძალიან ბევრ სერიოზულ ფარმაცევტულ კომპანიას საკუთარი ქარხანა აქვს
ინდოეთში ძალიან ბევრ სერიოზულ ფარმაცევტულ კომპანიას საკუთარი ქარხანა აქვს. საქართველოში რა მედიკამენტებიც შემოდის ინდოეთიდან, ამ კომპანიების წარმოებულია.

ინდოეთში ძალიან ბევრ სერიოზულ ფარმაცევტულ კომპანიას საკუთარი ქარხანა აქვს

ჯენერიკ მედიკამენტებისა და მათზე ხარისხის კონტროლის გამკაცრების საკითხს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის პრეზიდენტი ირინა ჭელიძე გამოეხმაურა.

“ჯენერიკი არის იგივე აქტიური ნივთიერების შემცველი პროდუქტი, რასაც შეიცავს ბრენდ- მედიკამენტი. ანუ, როდესაც ჯენერიკს ვყიდულობთ, ესაა ზუსტად იგივე შემადგენლობის პრეპარატი, რაც ბრენდი. ნებისმიერი ანტიბიოტიკს შესაძლოა გააჩნდეს ასამდე დასახელების ჯენერიკი.

მაგალითად, ავიღოთ ცეპტრიაქსონი – ბრენდი არის როცეფინი, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ჯენერიკი, იგივე ცეპტრიაქსონი, რომელიც გამოდის სხვა დასახელებით და სხვადასხვა ქვეყანაში აწარმოებენ.“ 

ასოციაციის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მედიკამენტის ხარისხს მწარმოებელი ქვეყანა არ განსაზღვრავს და აღნიშნავს, რომ საქართველოში დამკვიდრებული სტერეოტიპი, თითქოს ინდური წარმოების პრეპარატი უხარსხო და მავნეა, მცდარი და არასწორია:

„ინდოეთში ძალიან ბევრ სერიოზულ ფარმაცევტულ კომპანიას საკუთარი ქარხანა აქვს. საქართველოში რა მედიკამენტებიც შემოდის ინდოეთიდან, სწორედ ამ კომპანიების წარმოებულია. ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რომელ ქარხანაშია ნაწარმოები, აკმაყოფილებს თუ არა ეს ქარხანა ჯიემპის სტანდარტებს და ასე შემდეგ. „სანოფს“ აქვს ინდოეთში ძალიან მაღალი დონის ქარხანა, რომელსაც გააჩნია მაღალი ხარისხის შიდა კონტროლი და სხვადასხვა აუცილებელი მოთხოვნები.“ 

ჭელიძე საქართველოში მოქმედი ლაბორატორიის აუცილებლობის საკითხსაც შეეხო, სადაც მედიკამენტის ხარისხის კონტროლი განხორციელდება. ჯანდაცვის სამინისტროს გარკვეული გეგმები აქვს ამ მიმართულებით.

„რაც უფრო მეტი ლაბორატორიაც იქნება ქვეყანაში, მით მეტად იქნება დაცული მომხმარებელი. ლაბორატორიას თავადაც უნდა გააჩნდეს ხარისხი, ასევე მუშაობდნენ ინსპექტორები, რომლებიც კონტროლის კუთხით მსოფლიო დონის მოთხოვნებს დააყენებენ. ამ შემთხვევაში ჯენერიკი აბსოლუტურად უსაფრთხო და სანდო იქნება.

გარდა ამისა, ჯენერიკების შემთხვევაში აქტიური ნივთიერების გარდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემავსებლებს, ანუ აქტიურ ნივთიერებასთან ერთად რა დამატებით ნივთიერებებს შეიცავს პრეპარატი. შესაძლოა, შემავსებლებმა გამოიწვიოს მედიკამენტის უხარისხობა, ან დაბალი შედეგიანობა.

ჯენერიკები არსებობს ევროპულიც და ამერიკულიც. ისინი მსგავსი პრობლემისგან დაცულნი არიან, რადგან შესაბამისი ხარისხის სერტიფიკატი გააჩნიათ.“

kvira.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …