სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობა და კონტროლის მექანიზმები განიხილება.
კონფერენციისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინრეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა ეკა ადამიამ ისაუბრა:
„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა გაზაფხულზე დაიწყო. პირველ ეტაპზე პროგრამა ყველაზე მძიმე პაციენტების მკურნალობას ითვალისწინებს. ელიმინაცია გრძელვადიანი პროექტია, რომელიც არამარტო მკურნალობას, არამედ პრევენციულ ღონისძიებებს, გადაცემის გზების აღმოფხვრას და სხვა მრავალი სხვა აქტივობას მოიცავს, რომელთა განხორციელების შედეგად ქვეყანაში შესაძლებელი იქნება C ჰეპატიტი აღმოიფხვრას.
რაც შეეხება კონფერენციას, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა საერთაშორისო ექსპერტთა საბჭო. ესენი არიან წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები და სხვადასხვა ორგანიზაციების, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები, რომლებიც რეალურ დახმარებას გაგვიწევენ პროგრამის განხორციელებისას და ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვეხმარებიან.“
პირველი ეტაპზე, სამინისტროს გათვლებით 5 ათასი პაციენტის მკურნალობა იგეგმებოდა. ამ ეტაპზე, უშუალოდ მკურნალობაში 3722 პაციენტია ჩართული. მათგან 659–მა უკვე დაამთავრა მკურნალობის კურსი:
„პირველადი შედეგებით 90%–ში ვირუსი გამქრალია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სრული პასუხი გვაქვს მიღებული მათი მკურნალობის შედეგზე. მკურნალობის დასრულებიდან 3 თვეში უნდა მოხდეს შედეგების გადამოწმება და თუ ამ შემთხვევაშიც არ დაფიქსირდება ვირუსი, მაშინ უკვე შეგვეძლება ვთქვათ, რომ სწორედ 90 პროცენტში მკურნალობის კურსმა სრულ წარმატებას მიაღწია.
ამ ეტაპზე, ჯერჯერობით მხოლოდ პირველადი მონიტორინგის ღონისძიებები და საკანონმდებლო ღონისძიებებია განხორციელებული. ამ დროისთვის, გამოცემულია ინფექციური კონტროლის გაიდლაინი, დამტკიცდა ტექნიკური კონტროლის რეგლამენტი სილამაზისა და ტატუს სალონებში. წლიდან წლამდე ეს აქტივობები მოიმატებს იმისთვის, რომ დაახლოებით 5 წლის ვადაში მოვახერხოთ ქვეყანაში C ჰეპატიტის აღმოფხვრა.
დღეისათვის, ელიმინაციის პროგრამაში ჩართულია 12 დაწესებულება, რომელთაგან 4 თბილისში, 3 ქუთაისში, 1 რუსთავში, 1 გორში, ერთი ზუგდიდსა და ერთიც ბათუმშია. გარდა ამისა, მსჯავრდებულებს მიეცათ უფასოდ მკურნალობის შესაძლებლობა.“
ეკა ადამია, ბოლო პერიოდში მედიკამენტების გაძვირებასაც შეეხო და ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივას, რომელიც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ითვალისწინებს, მიესალმება და მიაჩნია, რომ ამის ერთ-ერთი წინაპირობა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებაა.
თუ რა არის ჯენერიკ მედიკამენტი და რა სარგებელს მიიღებს მისგან მოსახლეობა, სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი გამარტავს:
„ჯენერიკების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება არ უნდა გვქონდეს. ჯენერიკ მედიკამენტი ვადაგასულსა და უვარგის არ ნიშნავს. უბრალოდ, პრეპარატს გასული აქვს ლიცენზიის ვადა და მისი წარმოების უფლება გააჩნია სხვა ფარმაცევტულ კომპანიასაც. ლიცენზიის ვადის პერიოდში მედიკამენტი ღირს ძვირი და გამოიცემა ბრენდული დასახელებით, ხოლო როდესაც გაუვა ლიცენზიის ვადა, მისი ფასი ეცემა, თუმცა ის არის იგივე ფორმულა, რაც მანამდე იყიდებოდა, უბრალოდ, არ იყიდება ბრენდული დასახელებით.“
ადამია აღნიშნავს, რომ რეალურად ჯენერიკ მედიკამენტი იგივე შემადგენლობისაა, როგორისაც მისი ანალოგიური ბრენდული პრეპარატი.
„ ჯენერიკ მედიკამენტების გაჩენა ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და ძვირადღირებულ პრეპარატებს გააიაფებს. თუნდაც ისეთი მედიკამენტი, როგორიც არის სოფოსბუვირი, ამჟამად ის ბრენდული დასახელებით იყიდება და ძალიან ძვირია, თუმცა ლიცენზიის ვადის გასვლის შემდეგ მისი ღირებულება საგრძნობლად დაიკებს. დღეს, საქართველოში ძალიან ბევრი ჯენერიკი იყიდება, ამისი პრაქტიკა არსებობს და ნამდვილად არ ნიშნავს ეს იმას, რომ პაციენტებზე ცდებს ატარებენ.
მახსენდება სწორედ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დასაწყისი, როდესაც სოფოსბუვირთან დაკავშირებით, მთელი რიგი ადამიანებისა სკეპტიკურად იყო განწყობილი, ამბობდნენ, რომ პაციენტებზე ცდების ჩატარებას გეგმავდნენ, თუმცა რეალობამ სხვა მდგომარეობა აჩვენა – აღნიშნული პროექტი რომ არა, კატასტროფის წინაშე ვიდექით.“