მთავარი » ახალი ამბები » მედპერსონალის სახელფასო დავალიანება იზრდება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს დავალიანება საავადმყოფოების მიმართ 150 მილიონ ლარზე მეტია.

მედპერსონალის სახელფასო დავალიანება იზრდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს დავალიანება საავადმყოფოების მიმართ 150 მილიონ ლარზე მეტია და, საგანგებო ზომების მიღების გარეშე, მედპერსონალის მნიშვნელოვან ნაწილს უხელფასოდ მუშაობა ემუქრება 2016 წლის იანვრამდე, ვიდრე ახალი ბიუჯეტი არ ამოქმედდება.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ დღემდე არსებულ რეჟიმში იმუშაოს, დამატებით 94 მილიონი ლარია საჭირო.

“საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტს წლის ბოლომდე მინიმუმ 94 მლნ ლარი უნდა დაემატოს, რომ პროგრამამ დღემდე არსებულ რეჟიმში განაგრძოს ფუნქციობა. მთავრობამ ჯერჯერობით მხოლოდ 14 მლნ “იპოვა” ბიუჯეტის სხვა მუხლებში და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაგეგმილი წლიური ხარჯი 470 მლნ ლარიდან 484 მლნ ლარამდე გაზარდა.

ჯერჯერობით არ ჩანს, საიდან მოიძიებს დავით სერგეენკო კიდევ 80 მლნ ლარს. არადა ჯანდაცვის სამინისტროს დავალიანება საავადმყოფოების მიმართ 150 მილიონ ლარზე მეტია და, საგანგებო ზომების მიღების გარეშე, მედპერსონალის მნიშვნელოვან ნაწილს უხელფასოდ მუშაობა ემუქრება 2016 წლის იანვრამდე, ვიდრე ახალი ბიუჯეტი არ ამოქმედდება.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში ამ პროგრამაზე 570 მლნ ლარია გათვალისწინებული, ანუ ზუსტად იმდენით მეტი, რამდენითაც პროგრამის წლევანდელი ბიუჯეტი გაირღვა.

როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი, დავით სერგეენკოს რამდენიმე ალტერნატივა აქვს:

1. მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე კიდევ ამატებს თანხებს. სერგეენკოსთვის ეს ყველაზე ადვილი გამოსავალია, ღარიბაშვილი-ხადურისათვის – ყველაზე რთული. ეს რომ ადვილად გაკეთებადი ყოფილიყო, პროგრამას არა 14, არამედ 94 მლნ ლარს უკვე დაამატებდნენ. 

2. ჯანდაცვის მინისტრი საავადმყოფოებში სამედიცინო რეგულირების სააგენტოს “სადამსჯელო რაზმებს” აგზავნის და საავადმყოფოებისათვის 2013-14-15 წლებში უკვე გადარიცხული თანხების კორექტირებას იწყებს. ეს ნიშნავს, რომ საავადმყოფოებისათვის სამინისტროს მიმდინარე და ნოემბერ-დეკემბრის მომავალი დავალიანება კორექტირებისას “აღმოჩენილი” ჯარიმებში გაიქვითება. 

3. სამინისტრო უთანხმდება სამედიცინო სექტორს, რომ ნოემბერ-დეკემბერში საავადმყოფოებს თანხებს ვეღარ ან მინიმალურად ჩაურიცხავს და, სამაგიეროდ, 2016 წლის იანვარში, როცა ახალი ბიუჯეტი შევა ძალაში, ერთბაშად ჩაურიცხავს 150 მლნ ლარზე მეტს.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, მე2 და მე-3 ვარიანტებს დავით სერგეენკო უკვე იყენებს და მის მასშტაბს იმდენად გაზრდის, რამდენად ნაკლებადაც შეუვსებს ხადური დეფიციტურ 94 მლნ ლარს. 

უნდა გვესმოდეს, რომ ეს მდგომარეობა მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობაში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება. 

და კიდევ ერთი პრობლემა. სამედიცინო პერსონალმა უხელფასოდ რომ მიატანოს იანვრამდე და ხმა არ ამოიღოს, თუ 2016 წლის დასაწყისში ჯანდაცვის სამინისტრომ ერთბაშად გაისტუმრა წელს დაგროვილი დავალიანება, შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, ისედაც გაუბედურებულ ლარს რა დღე ელის. ეს კი იმავეს ნიშნავს, რაც ენერგეტიკაში მოხდა: დღეს გვიზოგავენ 1 თეთრს, ხვალ კი სანაცვლოდ ჯიბიდან 3 თეთრს გვაცლიან”, – წერს ჭიაბერაშვილი.

tabula.ge

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …