მთავარი » კვირის ინტერვიუ » საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის, სავარაუდოდ, დამატებითი თანხები გახდება საჭირო
სავარაუდოდ წლის ბოლომდე დაგვჭირდება დამატებითი თანხები. მთავრობა საქმის კურსშია, თუ პროგრამას რესურსი დააკლდა, ეს რესურსი იქნება მოძიებული და დამატებული.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის, სავარაუდოდ, დამატებითი თანხები გახდება საჭირო

რომელ კლინიკებს უხდის სახელმწიფო ყველაზე მეტ თანხას “საყოველთაო ჯანდაცვის” პროგრამის ფარგლებში? ინტერვიუ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძესთან 

– ბოლო პერიოდში თქვენი ოპონენტების მხრიდან ისმის პროგნოზები, რომ მთავრობას გაუჭირდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სრულყოფილად განხორციელება. ამასთან დაკავშირებით გვაინტერესებს თქვენი შეფასებები. თავდაპირველად რომ აგვიხსნათ, რა სქემით მიმდინარეობს თანხების ანაზღაურება კლინიკებისადმი? 

– დავიწყოთ იმით, რომ 2013 წლიდან ეს ხარჯები მზარდია. 2013–ში, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაიწყო, ის მხოლოდ გადაუდებელი მდგომარეობების დაფინანსებას ითვალისწინებდა მხოლოდ გარკვეული კონტინგენტისთვის.

პროგრამაში არ შედიოდნენ უმწეოები, 0–დან 5 წლამდე ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ვეტერანები და პენსიონრები. ამ კატეგორიის ადმინისტრირებას კერძო სადაზღვევო კომპანიები ახორციელებდნენ. შესაბამისად, 2013–ში შარშანდელთან და წლევანდელთან შედარებით ხარჯი ძალიან მცირე იყო.

 2014 წლიდან მოხდა ამ კონტინგენტის გადმოსვლა სოციალური მომსახურების სააგენტოში, საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტში. წლის დასაწყისიდან პროექტიდან გავიდა არქიმედე, მანამდე ალფა, გასული წლის აპრილიდან უმწეობის ადმინისტრირება გადმოვიდა სააგენტოს ფუნქციაში.

უკვე გასული წლის პირველი სექტემბრიდან მათ შეუერთდნენ ვეტერანები, 0–დან 5 წლამდე ბავშვები და შეზღუდული შესაძლებლობების პირებიც. შესაბამისად, სრულყოფილად ამის ადმინისტრირება დაიწყო გასული წლის სექტემბრიდან. ცხადია, 2015 წლიდან ხარჯი გაცილებით მეტი იქნება.

– წლევანდელი ბიუჯეტი რამდენია? 

– 470 მილიონი ლარის ოდენობით. სავარაუდოდ წლის ბოლომდე დაგვჭირდება დამატებითი თანხები. მთავრობა, ცხადია, საქმის კურსშია და თუ პროგრამას რესურსი დააკლდა, ეს რესურსი იქნება მოძიებული და დამატებული, რათა არ შეწყდეს პროგრამის განხორციელება.

– რა თანხის დამატება იქნება საჭირო, თუ არსებობს საპროგნოზო მაჩვენებელი? 

– ეს რთულად სათქმელია ანაზღაურების მექანიზმიდან გამომდინარე, რომელიც შემდეგია: თვის დასრულების შემდეგ, მომდევნო თვის განმავლობაში კლინიკა წარმოადგენს შესაბამის ანგარიშს სოციალური მომსახურების სააგენტოში. თუმცა მას აქვს უფლება, სამი თვის განმავლობაში წარმოადგინოს ეს საბუთები და ეს თავად მისი მენეჯმენტის გადასაწყვეტია. ამის შემდეგ იწყება ამ ანგარიშის დამუშავება. ხელაღებით, მხოლოდ კლინიკის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს ვერ დავეყრდნობით. ამ მონაცემების დამუშავებისთვის 30 სამუშაო დღეა განსაზღვრული. დამუშავებას შესაძლოა თანხების კორექტირება მოჰყვეს.

– ბუნებრივია, კლების მიმართულებით… 

– ცხადია. მონაცემების დამუშავების შემდეგ მოდის კლინიკის მენეჯერი და ეცნობა ამ მასალებს, რადგან საბოლოო თანხის განსაზღვრისთვის ორმხრივი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. კლინიკა თავის მხრივ ამოწმებს, რის გამო მოხდა თანხის შეცვლა. მას შემდეგ, რაც მოხდება ორმხრივი შეთანხმება, დოკუმენტი გადადის ბუღალტერიაში, საიდანაც თანხის გადარიცხვა ხორციელდება 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

ამასთან, არსებობს მონიტორინგის სამსახური, რომელიც გარკვეული პერიოდულობით მიდის კლინიკაში, ახდენს შემთხვევების იდენტიფიცირებას. ხოლო თუ დოკუმენტაციის დამუშავების პროცესში საჭირო გახდება დამატებითი გადამოწმება, ის კიდევ ერთხელ მიდის კლინიკაში.  მომსახურების ხარისხს კი რეგულირების სააგენტო ამოწმებს. სხვათა შორის, მსგავსი პროგრამების მქონე არცერთ ქვეყანაში თანხის გადარიცხვა მოთხოვნიდან 6 თვეზე ადრე არ ხდება. ჩვენ კი ამას მინიმუმ 3–4 თვეში ვაკეთებთ.

– ანუ კონტროლი რამდენიმე დონიანია? 

– დიახ, რათა თანხების ხელაღებით გადარიცხვა არ მოხდეს.

– როგორია ანაზღაურებული თანხის სიდიდის მიხედვით, სამედიცინო ქსელების, კლინიკების პირველი ათეული? 

– მიმდინარე წელს სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მიხედვით წამყვანი ადგილი უჭირავს შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებს:

ჯეო ჰოსპიტალი, მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა,  დასავლეთ  საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი, ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი, “სამედიცინო კორპორაცია ევექსი”, შპს “ნიუ ჰოსპიტალს”, ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი, “უნიმედი აჭარა”, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. 

– ამავე ათეულის მიხედვით, როგორია თითოეული სუბიექტის დაკორექტირება პროცენტულად (პროცენტული  თანაფარდობა მოთხოვნილ და ანაზღაურებულ თანხებს შორის) 2014 და 2015 წლის მონაცემებით? 

– დაკორექტირების პროცენტი ძირითადად 2-7%–ს შორის მერყეობს.

– რამდენად ხშირად ხდება დაკორექტირება? 

– უმრავლეს შემთხვევაში დაკორექტირება ხდება. სხვათა შორის, დაკორექტირების შემდეგ ხორციელდება კიდევ ერთი სახის კონტროლი – კონტროლის დეპარტამენტის მიერ, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოშია შექმნილი. მის წარმომადგენლებს ადგილზე შეუძლიათ კლინიკაში მისვლა და იმ ხარვეზების გამოვლენა, რომელიც, შესაძლოა, ვერ იქნა დაფიქსირებული მთელი ამ პროცესის განმავლობაში.

– გამოყოფდით რომელიმე კლინიკას, რომელიც ყველაზე კეთილსინდისიერად თვლის თანხებს და თქვენ არ გჭირდებათ (ან იშვიათად გჭირდებათ) თანხის დაკორექტირება? 

– ყველა კლინიკა ცდილობს ამის გაკეთებას, მაგრამ მეტ–ნაკლებად კორექტირებები მაინც ხდება. ეს სამუშაო პროცესია და ამას ხშირ შემთხვევებში არც კლინიკები აპროტესტებენ. სამედიცინო დოკუმენტაციას ხომ ექიმი ადგენს, შემდეგ კი ის მიდის მენეჯერთან..  ასე რომ, ყველა დონეზე კონტროლი არსებობს იმისთვის, რომ თანხა შეესაბამებოდეს რეალურ საჭიროებებს.

commersant.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …