რა არის ჯენერიკი და რითი განსხვავდება ბრენდული მედიკამენტისგან? ანალიტიკური ცენტრი “რეიტინგი კავკასია” დაინტერესდა საზოგადოების ინფორმირებულობის დონით და მომხმარებელთა სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა.
გამოკითხვის ძირითადი მიზანი იყო, იცოდნენ თუ არა მომხმარებლებმა ჯენერიკ მედიკამენტების შესახებ და რამდენად იყენებდნენ მას.
აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 83%-ს საერთოდ არ სმენიათ ტერმინ “ჯენერიკის” შესახებ. ხოლო ინფორმირებული მომხმარებლებიდან მსგავსი ტიპის მედიკამენტებს 28% იძენს. კვლევიდან ნათელია, რომ მომხმარებლების დიდი უმრავლესობა ერთიმეორესგან ვერ არჩევს ბრენდულ და „ჯენერიკ-მედიკამენტებს“. მაშინ როცა, ქართული ბაზრის ფარამცევტულ სექტორში გაყიდვების 2/3-ზე მეტი სწორედ „ჯენერიკ -მედიკამენტებზე“ მოდის.
კვლევის შედეგებზე, ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებსა და მინისტრის ინიციატივაზე, რომელიც მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს, გვესაუბრება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ვალერი კვარაცხელია:
„პირველადი ჯანდაცვის გარეშე მედიცინა არ არსებობს, ეს ცნობილი ფაქტია. სამწუხაროდ, ისეთ ტემპში მოგვიწია რეფორმების კეთება, რომ პირველადი ჯანდაცვა ბოლოსთვის მოვიტოვეთ, თუმცა თავიდანვე ვიცოდით, რომ რეფორმა აუცილებლად იყო ჩასატარებელი და ახლა აქტიურად ვმუშაობთ ამ თემაზე.
პირველადი ჯანდაცვა არის კარიბჭე, რომელიც დგას ჯანმრთელობის დაცვის სადარაჯოზე. პირველადი ჯანდაცვის ექიმს აქვს მუდმივი კონტაქტი პაციენტთან და პაციენტის შესახებ ყველაფერი იცის. დაავადება, რომლითაც ავადმყოფი ექიმს მიმართავს, ერთი ეპიზოდია, რაც აკავშირებს ამ ორ ადამიანს ერთმანეთთან. სპეციალისტთან ვიზიტი უფრო იშვიათად უწევს პაციენტს, ამიტომ. წარმოიდგინეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმის როლი ჯანდაცვაში.
დღეს პირველადი ჯანდაცვა ვერ მუშაობს ისე, როგორც ჩვენ გვინდა და ამის ნათელი მაგალითია ის, რომ პაციენტების დაახლოებით 20 პროცენტი იღებს დახმარებას პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, დანარჩენი 80 პროცენტი კი პირდაპირ მიდის სტაციონარში, რაც ძალიან ცუდია. ამ შემთხვევაში ხარჯები იზრდება, რადგან სტაციონარული მკურნალობა საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს.“
მინისტრის მოადგილე ერთ-ერთ წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს ქვეყანაში რეცეპტების დანრგვის სისტემას და აღნიშნავს:
„რეცეპტების ინსტიტუტის შემოღებამ საქართველოში მეტ-ნაკლებად დაარეგულირა თვითმკურნალობის შემთხვევები და მეზობლისგან და მეგობრიდან უკვე აღარ იღებენ რჩევებს, თუ რა წამალი იყიდონ.რეცეპტების ინსტიტუტის შემოღების შემდეგ საქართველომ ექიმთან ვიზიტების რიცხვით ერთ-ერთი ბოლო ადგილიდან გადაინაცვლა წინა ადგილებზე. ეს კარგია, რადგან გაიზარდა პირველად აღმოჩენილ დაავადებათა რიცხვი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, მედიცინა დღეს იმდენად არის განვითარებული, რომ თუ დაავადების აღმოჩენა დროზე მოხდება, თითქმის ყველაფერი იკურნება.“
რაც შეეხებათ „ჯენერიკებს“, კვარცხელიას მიაჩნია, რომ მასში ახალი არაფერია.
„ჯენერიკები“ ქვეყანაში შემოდიოდა ადრეც, შემოდის დღესაც, როდესაც იქმნება ინოვაციური წამალი, ის გადის კვლევის ძალიან ბევრ ეტაპს და ამის შემდეგ ხდება მისი დაპატენტება. დაპატენტებიდან 20 წლის განმავლობაში სხვა მწარმოებელს ამ მედიკამენტის გამოშვების უფლება არ აქვს. შეიძლება როგორც ადგილზე, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში. საერთაშორისო დაპატენტება უფრო ძვირი ჯდება, თუმცა სხვა მწარმეობლები ამ წამლებს ვერ უშვებენ,. თუმცა მოქმედი ნივთიერებისა და ფორმის შესახებ ყველაფერი ცნობილი ხდება დაპატენტებისთანავე.
„ჯენერიკი“ არის მოქმედი მედიკამენტი, რომელსაც გასული აქვს პატენტის ვადა. ოღონდ არ უნდა შეგვეშალოს ვადაგასულ წამალში. როგორც კი პატენტის ვადა ამოიწურება, ნებისმიერ მწარმოებელს თბილისში, ნიუ -ორკში, მიუნხენში და ა.შ. შეუძლია გამოუშვას წამალი, ეს კი იაფი ჯდება.
დღეს ჩვენს ბაზარზე არსებული მედიკამენტების 70 პროცენტი არის „ჯენერიკ“ი და მხოლოდ 30 პროცენტია ორიგინალური პრეპარატი. „ჯენერიკები“, ორიგინალურ პრეპარატებთან შედარებით, 20–30 პროცენტით იაფია. სახელმწიფო ბიზნესში არ უნდა ერეოდეს და ამ პრინციპს ვიცავთ, თუმცა „ჯენერიკების“ შემთხვევაში ძალიან ბევრმა ჩვენზე უფრო განვითარებულმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო თუ ყიდულობს თავისი ფულით, ამ შემთხვევაში ყიდულობს მხოლოდ „ჯენერიკს.“
მინისტრის მოადგილე საქართველოს ევროკავშირთან გარკვეულ ვალდებულებებზეც საუბრობს, რომელთა შორის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი წამლის ხარისხის კონტროლის საკითხია:
„ეს ვალდებულებებიც რომ არ არსებობდეს, ფარმაცია ისეთი სათუთი სფეროა, რეგულაციის გარეშე შეუძლებელია ნორმალურად ფუნქციონირებდეს, რაც სახელმწიფოსთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის საკმაოდ დიდი რისკი იქნებოდა.“