ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქიატრთა საზოგადოების მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს ეხმაურება და მზაობას გამოთქვამს, მედიატორის ფუნქცია გააგრძელოს ნევროლოგთა და ფსიქიატრთა ასოციაციებს შორის.
საუბარია ფსიქიატრთა საზოგადოების მიერ გამოთქმულ პრეტენზიებზე, რომლის მიხედვითაც ფსიქიატრთა ასოციაცია მოითხოვს ჯანდაცვის სამინისტროს იმ ბრძანების გადახედვას, რითაც ფსიქიატრიის კომპეტენციები სხვა სპეციალობის ექიმებს განესაზღვრათ და მათი მტკიცებით მოხდა დარგის დისკრიმინაციის მცდელობა.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მინისტრის ბრძანება, რომლითაც პროფესიული კომპეტენციები მტკიცდება, მზადდება ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მათი უშუალო ჩართულობით და არის საჯარო განხილვების საგანი.
როგორც ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა მარინა დარახველიძემ განუცხადა, სწორედ მსგავსი პრინციპით მოხდა ნევროლოგთა კომპეტენციის დამტკიცების დროს საკითხის გადაწყვეტა.
“ასე მოხდა ნევროლოგთა კომპეტენციის დამტკიცების დროს, თუმცა ფსიქიატრთა ასოციაციას სამინისტროსთვის იმ პერიოდში არ მოუმართავს. როგორც კი სამინისტროსთვის ცნობილი გახდა მათ მიერ გამოთქმული პრეტენზიის თაობაზე, დაუყოვნებლივ დავიწყეთ ქმედება პრობლემის მოგვარებისთვის, შევხვდით ორივე მხარეს დამოუკიდებლად, რადგან სამწუხაროდ, იმ დროისთვის ფსიქიატრთა მხრიდან არ გამოითქვა სურვილი კოლეგებთან შეხვედრის.
მიუხედავად ამისა, გვაქვს ოფიციალური მიმოწერა, სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, რის შესახებ ორივე მხარეს აქვს ინფორმაცია. სამინისტრო ყოველთვის ღიაა და გახსნილია კომუნიკაციისთვის, ამ მხრივ პრობლემა არ არსებობდა არც ერთ ეტაპზე. ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ მომავალშიც მედიატორის ფუნქცია, რადგან პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია საკითხის ერთობლივი განხილვა და კონსენსუსის მიღწევა”, – განაცხადა მარინა დარახველიძემ.