ფარმაცევტულ ბაზარზე სულ რამდენიმე მსხვილი მოთამაშეა. ისინი ფარმაცევტული ბაზრის იმპორტის, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვებისა და წარმოების სექტორებში დომინანტები არიან.
რაც შეეხება მედიკამენტების ხარისხის კონტროლის თემას, როგორც ცნობილია ბაზარზე შემოსული მედიკამენტების მხოლოდ 10% მოწმდება ლაბორატორიულად, დანარჩენები კი მხოლოდ ვიზუალურ დათვალიერებას ექვემდებარება. ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლიების არსებობის საკითხისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის თემას, უფლებადამცველი სოფიო ხორგუანი გამოეხმაურა.
„მედიკამენტების გაძვირების საკითხი ძალიან საინტერესოა, როდესაც საუბარია დოლარის მიმართ ლარის გაუფასურებასთან მიმართებაში. ყველა წამალი, რომელიც შემოდის, დოლარშია შეძენილი? როდესაც ამბობენ, რომ ევროპული წამლებია, იქაც დოლარზე ყიდულობენ თუ ევროზე? ევროსთან მიმართებაში ლარის კურსი იმდენად არ შეცვლილა, ეს მოხდა დოლარის შემთხვევაში. ძალიან საინტერესო ფაქტია და მგონია, რომ ამაში სპეკულაციის ნიშნებია. ერთი შეხედვით ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.
- პირველი, ესაა კონკურენციის სააგენტო, ჩვენ გვაქვს შესაბამისი კანონმდებლობა, რომ მისი დახმარებით აღარ იყვნენ ბაზარზე მონოპოლისტები.
- მეორე, მნიშვნელოვანია ხარისხის თემა, რომ მედიკამენტების ხარისხი აუცილებლად უნდა კონტროლდებოდეს და ეს აუცილებელია“,– ამბობს სოფიო ხორგუანი.
უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ მედიკამენტების ხარისხი ცივილიზებულ ქვეყანაში სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად უნდა კონტროლდებოდეს.
„ცივილიზებულ სამყაროში ხარისხი სწორედ სახელმწიფოს მხრიდან კონტროლდება. უნდა არსებობდეს მონიტორინგის სისტემა და მუდმივად უნდა მოწმდებოდეს ხარისხი. კონტროლი უნდა იყოს ძალიან მკაცრი, რადგან საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რას ვიღებთ.
ეს ნაბიჯები იმისკენ წაგვიყვანს, რომ ფასი ხარისხთან მიმართებაში იქნება შესაბამისი. დანარჩენი კი კონკურენციის თემაა, რაც მეტი იქნება ბაზარზე მოთამაშე, მით მეტი შესაძლებლობა გვექნება, რომ ფასები იყოს უფრო ადეკვატური“, – აღნიშნა უფლებადამცველმა.