მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » პრევენცია უკეთესია, ვიდრე დამდგარი და გართულებული ავადმყოფობის მკურნალობა
საჭიროა ცნობიერების ამაღლებაც და შეგნება იმისა, რომ პრევენცია უკეთესია, ვიდრე დამდგარი და გართულებული ავადმყოფობის მკურნალობა ,- განაცხადა ქეთევან ხიდაშელმა

პრევენცია უკეთესია, ვიდრე დამდგარი და გართულებული ავადმყოფობის მკურნალობა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები რეგიონის განვითარებისათვის“ გამგეობის თავმჯდომარე ქეთევან ხიდაშელი ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ფასებსა და მედიკამენტების ხარისხის პრობლემას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სოფელში ძირითადად დარჩენილია მოსახლეობა, რომელიც მუდმივად ადგილზე ცხოვრობს, მათ შორის კი პენსიონერები ჭარბობენ.

„ყველაზე შეჭირვებული ფენაც სწორედ პენსიონერები არიან. ჩვენთანაც როდესაც მოდიან, მუდმივად ჩივიან, რომ დაზღვევა არაფერში ადგებათ, რადგან პენსია არც კი ყოფნის იმ წამლებს, რასაც ექიმები უნიშნავენ. ესაა მათი ძალიან დიდი პრობლემა, რადგან ვერ ყიდულობენ პრეპარატებს, ან თუ ყიდულობენ, ნაწილობრივ, მკურნალობის კურსს ვერ ასრულებენ და შედეგი არ აქვთ, ბუნებრივია.

განსაკუთრებით უჭირთ ისეთ ადამიანებს, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვთ და მუდმივად სჭირდებათ მედიკამენტების მიღება. ფაქტობრივად, ვერ იტარებენ სრულ კურსს. დაიწყებენ მკურნალობას, შემდეგ შეწყვეტენ, გამწვავების შემდეგ კვლავ განაახლებენ და ცხადია, შედეგი არ დგება, – აღნიშნავს ხიდაშელი.

მისი აზრით, ახალ რეფორმაში, რომელიც ჯანდაცვის პირველადი რგოლის განვითარებას გულისხმობს, უნდა ჩაიდოს მედიკამენტების მინიმალური პაკეტის დაფინანსების საკითხი მაინც. არ ვამბობ, რომ ეს უნდა მიიღოს ყველამ, თუმცა მსგავსი დახმარება სჭირდებათ სოციალურად დაუცველებს და პენსიონერებს. ეს ისეთი ფენაა, რომელთაც არ მიუწვდებათ ხელი ძვირადღირებულ მედიკამენტებზე, – მიაჩნია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელას.

„რაც შეეხება მედიკამენტების ხარისხს, პირადად საქართველოში წარმოებულ მედიკამენტებს არ ვყიდულობ, რადგან ამას, ხშირ შემთხვევაში, თავად ექიმი მირჩევს. სჯობს თავიდანვე ცოტა ძვირი გადაიხადო და კარგი შედეგი მიიღო. მსგავსი პრობლემა გვარდება სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებით.

როდესაც ადამიანს აქვს ნორმალური შემოსავალი, ის თავად მიხედავს საკუთარ ჯანმრთელობას. პარალელურად, საჭიროა ცნობიერების ამაღლებაც და შეგნება იმისა, რომ პრევენცია უკეთესია, ვიდრე დამდგარი და გართულებული ავადმყოფობის მკურნალობა“ ,- განაცხადა ქეთევან ხიდაშელმა.

news.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …