მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ერთი წელი რეცეპტებით – როგორია კონტროლის ხარისხი და რა შედეგი მიიღეს მოქალაქეებმა?
ერთი წელი რეცეპტებით - როგორია კონტროლის ხარისხი და რა შედეგი მიიღეს მოქალაქეებმა? ურეცეპტოდ წამლების გაცემის აკრძალვის ამოქმედებიდან ერთ წელზე მეტი გავიდა.

ერთი წელი რეცეპტებით – როგორია კონტროლის ხარისხი და რა შედეგი მიიღეს მოქალაქეებმა?

ერთი წელი რეცეპტებით – როგორია კონტროლის ხარისხი და რა შედეგი მიიღეს მოქალაქეებმა? ურეცეპტოდ წამლების გაცემის აკრძალვის ამოქმედებიდან ერთ წელზე მეტი გავიდა. ათასამდე მეტიკამენტს შორის, რომლებიც ურეცეპტოდ აღარ უნდა გაყიდულიყო, ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტებიც მოხვდა.

საზოგადოების დიდ ნაწილში მედიკამენტებზე რეცეპტების შემოღების შედეგად გამოწვეულ აჟიოტაჟს ჯანდაცვის სამინისტრო უსაფუძვლოს უწოდებდა და აცხადებდა, რომ მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნებოდა. რა ვითარებაა რეგულაციის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 53% აცხადებს, რომ მათსა და მათ ოჯახზე რეგულაციამ უარყოფითი გავლენა მოახდინა. ამ საკითხთან დაკავშირებით 2030-ის შეკითხვებს ჯანდაცვის კონსულტანტი თინა ტურძელაძე და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია პასუხობენ.

– ერთი წლის წინ თქვენი პოზიცია რეგულაციის ამოქმედებასთან დაკავშირებით საკმაოდ კრიტიკული იყო. არ გამორიცხავდით შავი ბაზრის გაჩენას. დღეს როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას? გაჩნდა შავი ბაზარი? 

თინა ტურძელაძე: პრობლემა ბევრად უფრო ღრმა არის, ვიდრე შავი ბაზარი. საქმე ისაა, რომ რეცეპტი გახდა მიზანი ამ რეფორმის და არა ის, რისთვისაც რეცეპტია შემოღებული. რეცეპტის დანიშნულება რაციონალური ფარმაკოთერაპიის სისტემის გაუმჯობესება. ჩვენ არ გვაქვს გამართული სისტემა და რეცეპტი ვერ უზრუნველყოფს სისტემის გამართვას. ამით მოხდა მხოლოდ პრობლემის შეფუთვა. ჯანმრთელობის სიძვირის პრობლემა მსოფლიომაც ვერ გადაჭრა, მაგრამ ჯანდაცვა უნდა გავხადოთ ხარჯთეფექტური. რეცეპტი სწორედ ამ სისტემის ნაწილია.

– თქვენ ასევე აცხადებდით, რომ რეცეპტის შემოღება არაქსელურ აფთიაქებში მედიკამენტებზე ფასის ზრდას განაპირობებდა. ფაქტია, რომ გარკვეულ მედიკამენტებზე ფასმა ნამდვილად იმატა. რომ არა ლარის გაუფასურება, მაინც მოხდებოდა მედიკამენტების გაძვირება? 

თინა ტურძელაძე: რეცეპტი გახდა მანიპულაციის საშუალება და ეს დამატებითი ოპერაცია, ბუნებრივია, აისახა წამლის ფასში.

– მოსახლეობაში რეცეპტის შემოღებას უკმაყოფილება მოჰყვა. ჯანდაცვის სამინისტრო კი არგუმენტად თვითმკურნალობის შეწყვეტას ასახელებდა. მათივე განმარტებით, ეს ისევ მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის არის საზიანო. შეგიძლიათ დაასახელოთ რეალურად რა პრობლემები შექმნა ურეცეპტოდ გაყიდვის აკრძალვამ მოსახლეობისთვის? 

თინა ტურძელაძე: ის რისი მიღწევაც გვინდა რეცეპტის შემოღებით, შეუძლებელია ასე მარტივად იქნას მიღწეული. თვითმკურნალობა აპრიორი ცუდი არ არის და მას არ უნდა ვებრძოლოთ. ეს ხარჯების შეკავების ერთ-ერთი საშუალებაა, რომელსაც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნებიც იყენებენ.

– თქვენ ასევე აცხადებდით, რომ რეცეპტის სისტემის ამოქმედების შემთხვევაში, პრობლემა მცირე აფთიაქებს შეემქმებოდათ. რა ინფორმაცია გაქვთ, არაქსელური აფთიაქები დაზარალდნენ? 

თინა ტურძელაძე: არაქსელური აფთიაქების შესახებ ჩვენ კვლევა არ ჩაგვიტარებია, თუმცა ვიცით, რომ არაქსელური აფთიაქები პრაქტიკულად სისტემურად იცვლებიან. მათ უხდებათ ბაზრიდან გასვლა, მათ მაგივრად ახალი მოთამაშეები შემოდიან, რადგან მათ უჭირთ იმ მოდელების შექმნა, რომლებიც ბაზარზე უფრო სტაბილურად იქნება დამაგრებული. მათ შორის, ერთ-ერთი რეცეპტის ინსტიტუტიცაა. თუმცა იქ ბევრი სხვა მიზეზიცაა, რის გამოც ისინი სტაბილურად ვერ მუშაობენ ბაზარზე.

– მედიკამენტები ურეცეპტოდ დღესაც იყიდება. ამის მიუხედავად, შეგიძლიათ თქვათ, რომ ერთი წლის წინ შემოღებულმა რეგულაციამ გაამართლა? 

ვალერი კვარაცხელია: რა თქმა უნდა, შემიძლია გითხრათ, რომ ერთი წლის წინ შემოღებულმა რეცეპტის ინსტიტუტმა თავისი სერიოზული როლი ითამაშა ჯანდაცვის სისტემაში და რამდენიმე მიმართულება გააძლიერა კიდეც. ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ თვითმკურნალობა კარგია. ეს პროცესი, ჩვენს ქვეყანაში, ძალიან ცუდი ფორმით ხდებოდა – ექიმები ჩაანაცვლეს მეზობლებმა და ნათესავებმა. რეცეპტის სისტემის შემოღებით ეს პრობლემა მეტნაკლებად გადაიჭრა.

– „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 53% უკმაყოფილოა ახალი რეგულაციით. ასევე, ერთი წლის განმავლობაში, რეცეპტის ონლაინ გამოწერის პრაქტიკაც დამკვირდრდა. არ ფიქრობთ, რომ მოსახლეობას რეალურად შეექმნა პრობლემა და ონლაინ რეცეპტების შემოღებაც სწორედ ამ პრობლემის შედეგად გაჩნდა? 

ვალერი კავარაცხელია: არსებობს სხვა კვლევების შედეგები, რომელთა მიხედვითაც, რეცეპტების შემოღება მოსახლეობაში გარკვეულწილად პოზიტიურად იქნა შეფასებული. როცა ახალი რეგულაციები შემოდის, პრობლემები ყოველთვის ჩნდება ხოლმე. მართალია, მოსახლეობას გარკვეული პრობლემები შეექმნა, მაგრამ ჩვენ ეს ნაბიჯი მაინც უნდა გადაგვედგა. ძალიან ბევრი ადამიანი მივიდა ექიმთან და ეს ძალიან კარგია.

– სპეციალისტების თქმით, მედიკამენტების უმეტესობაზე ფასმა იმატა და მეორე მხრივ, პრობლემები შეექმნათ მცირე ზომის აფთიაქებს. გაყიდვებმა იქ მნიშვნელოვნად იკლო. რა კეთდება ამ მიმართულებით? 

ვალერი კვარაცხელია: არაქსელური აფთიაქების დახურვა რეცეპტების შემოღებასთან კავშირში არ არის, ისინი ადრეც და ახლაც სხვა მიზეზებით იხურებოდა. ფასების მატება კი ლარის კურსის ვარდნამ გამოიწვია და არა რეცეპტების შემოღებამ. გარდა ამისა, ჩვენ შევძელით ფასმატების რამდენადმე შეკავება.

– რატომ არის ონლაინ რეცეპტების საჭიროება? 

ვალერი კვარაცხელია: ონლაინ რეცეპტები ყველა ქვეყანაშია და მათ შორის, ჩვენთანაც. გვაქვს ახალი პროგრამა და მალე გვექნება ელექტრონული რეცეპტის სისტემა, რომელიც ბევრ პრობლემას მოხსნის. პროექტი უკვე გაკეთებული გვაქვს.

– კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც რეცეპტების ამოქმედებისას თვალსაჩინო გახდა არის ის, რომ რეცეპტებზე მითითებულია კონკრეტული აფთიაქი. რატომ ხდება ეს, როდესაც იგივე მედიკამენტი სხვა აფთიაქებშიც იყიდება? ხომ არ ფიქრობთ, რომ კონკრეტული მედიკოსები და აფთიაქები შეთანხმებულად მოქმედებენ? 

ვალერი კვარაცხელია: პოლიპრაგმაზია ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა. ჩვენს ქვეყანაში ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს. ილუზია არავის ჰქონია, რომ რეცეპტის ისნტიტუტის შემოღება ყველა პრობლემას გადაჭრიდა. პრობლემებთან გასამკლავებლად მზადდება საკანონმდებლო ცვლილებები, შემოღებულ იქნება რეგულაციები, რომლებიც ევროკავშირის მოთხოვნაცაა და თვითონაც ვხედავთ, რომ აუცილებელია.

commersant.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …