საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოს ქვეყნებს შორის ანტიბიოტიკების არამიზნობრივი გამოყენების თვალსაზრისით. აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ინფექციონისტი ქეთევან ჩიტაიშვილი აღნიშნავს, რომ ანტიბიოტიკების არამიზნობრივი გამოყენება შემდგომში რთული ინფექციური დაავადებების მკურნალობას უშლის ხელს.
„ანტიბიოტიკების არამიზნობრივი გამოყენების პრობლემის მოგვარებაში დიდი როლი ითამაშა რეცეპტული სისტემის შემოღებამ. რეცეპტი ხელს უშლის პაციენტებს, რომ თავიანთი სურვილით, თვითმკურნალობის მიზნით შეიძინონ პრეპარატები, მათ შორის ანტიბიოტიკები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
თავად ექიმებმაც უნდა მიქციონ ყურადღება, რომ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში დანიშნონ ანტიბიოტიკებით მკურნალობა. ძალიან კარგია, თუ ჩატარდება ტრენინგები, სწავლებები და უახლესი ინფორმაცია მიეწოდებათ ექიმებს”, – აღნიშნა ჩიტაიშვილმა.
მისი აზრით, საზოგადოება, მეტ-ნაკლებად ინფორმირებულია იმ პრობლემების შესახებ, რაც შეიძლება გამოიწვიოს ანტიბიოტიკების არამიზნობრივმა მოხმარებამ. თუმცა, იმის გამო, რომ ექიმთან ყოველთვის ვერ მიდიან, მაინც ურჩევნიათ, დაიწყონ მკურნალობა მეზობლის, ახლობლის და ნაცნობის დახმარებით, მათი გამოცდილების მიხედვით. ხოლო ექიმთან როდესაც მიდიან, აღმოჩნდება, რომ სრულიად სხვა წამლებს იღებდნენ.
„ვფიქრობ, მაინც საჭიროა, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიეწოდოს თვითმკურნალობის დაუშვებლობის შესახებ. მოქალაქეების სამედიცინო განათლების დონე უნდა ამაღლდეს. ამაში, ალბათ, დიდი როლი აკისრია მასმედიასაც.
ყველაზე ცუდი, რაც ანტიბიოტიკების უმიზეზოდ გამოყენებამ გამოიწვია, რეზისტენტული შტამების გავრცელებაა. ანტიბიოტიკები აღარ მოქმედებს ახალ შტამებზე და უფრო რთული მედიკამენტების გამოგონება უწევთ.
ბრძოლა ბაქტერიულ ინფექციებთან ძალიან გართულებულია. რომ ავიღოთ ტუბერკულოზი, რაც დრო გადის, მით უფრო რთულდება ამ დაავადებასთან ბრძოლა. ამიტომ, რაც შეიძლება მიზანმიმართულად უნდა გამოვიყენოთ ანტიბიოტიკები, რომ შემდეგში რთული ბაქტერიული ინფექციების მკურნალობა არ გაძნელდეს”, – განაცხადა ქეთევან ჩიტაიშვილმა.