მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ანტიბიოტიკების პრობლემა არის უზარმაზარი და იგი გუშინ არ დაწყებულა
ანტიბიოტიკების პრობლემა არის უზარმაზარი და ეს არ დაწყებულა გუშინ, ჯერ საბჭოთა კავშირის დროს სისტემა ასე მუშაობდა, გათვლილი იყო მოკლე დროში ეფექტურ შედეგზე.

ანტიბიოტიკების პრობლემა არის უზარმაზარი და იგი გუშინ არ დაწყებულა

ჯანდაცვის კომიტეტის წევრი და პედიატრი მალხაზ წერეთელი ანტიბიოტიკების არამიზნობრივი მოხმარების საკითხს გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ანტიბიოტიკების რეცეპტებით გაცემა დიდი ნაბიჯი იყო სახელმწიფოს მხრიდან და რომ მედიკამენტების უთავბოლო მოხმარება არ უნდა ხდებოდეს, რადგან ეს დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ორგანიზმს.  

„ ანტიბიოტიკების პრობლემა არის უზარმაზარი და ეს არ დაწყებულა გუშინ, ან დღეს. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს სისტემა ასე მუშაობდა, გათვლილი იყო მოკლე დროში ეფექტურ შედეგზე და არ უკვირდებოდნენ, თუ რას მოიტანდა ანტიბიოტიკების ჭარბი გამოყენება გრძელვადიან პერსპექტივაში. ამ მხრივ, სამწუხაროდ, ერთ-ერთი მოწინავე საქართველოა“, – აღნიშნავს წერეთელი.

მისი თქმით, ანტიბიოტიკების მოხმარების შეზღუდვის მიმართულებით გვიან იქნა ნაბიჯები გადადგმული.

„კარგია, რომ ახლა რეცეპტული სისტემაა, თუმცა თავად ექიმებშიც დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი. სისტემაა შესამუშავებელი. არსებობს გაიდლაინები, როდის და რა შემთხვევაში უნდა დაინიშნოს ანტიბიოტიკებით მკურნალობა. სამწუხარო ისაა, რომ ზოგიერთი ექიმი ჯერ კიდევ ფართოდ იყენებს ანტიბიოტიკებს.

ჩვენ ყველა მათგანს ვერ „ჩავუსაფრდებით“, ვერ აღვრიცხავთ და ვერ ვეტყვით, თუ რა ცუდია ანტიბიოტიკების არამიზნობრივი დანიშვნა. თუმცა, გარკვეული რეგულაციების შემუშავება შეიძლება. კარგი საგანმანათლებლო მუშაობაა ჩასატარებელი მოსახლეობაშიც, რათა თავადაც იყვნენ ჩახედული საქმეში და გაიაზრონ, რა შედეგი შეიძლება მიიღონ ანტიბიოტიკის მიღებისას“, – მიაჩნია მალხაზ წერეთელს.

„მე თავად ექიმი ვარ და იყვნენ პაციენტები, რომლებსაც თუ ანტიბიოტიკებს არ დავუნიშნავდი, მათ თვალში პატივისცემას ვკარგავდი. ეს სტერეოტიპი ნელ-ნელა იმსხვრევა, მაგრამ მოსახლეობაში ღრმადაა ჩაბეჭდილი ჯერ კიდევ, რომ ანტიბიოტიკის გარეშე დაავადების მკურნალობა არ შეიძლება.

ზოგიერთ დაავადებას აქვს თავისი დრო, თუ ის არ რთულდება, სულ არ სჭირდება ანტიბიოტიკი, თუმცა პაციენტებს არ უნდათ ლოდინი. მე პედიატრი გახლავართ და მშობლის პოზიციაც მესმის, რომელსაც სურს შვილი მალე გამოჯანმრთელდეს. სწორედ ეს არის ექიმის და მედიცინის მუშაკის ვალი, რომ გარდა დანიშნულებისა, მან გარკვეული ახსნა-განმარტებაც უნდა მისცეს პაციენტს, თუ რა ცუდი შედეგის მომტანია ანტიბიოტიკების ხანგრძლივი და არამიზნობრივი მოხმარება.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კომპლექსური ნაბიჯებია გადასადგმელი, თუმცა უნდა ჩავთვალოთ, რომ რეცეპტულმა სისტემამ გაანახევრა და შეიძლება უფრო მეტადაც შეამცირა ანტიბიოტიკების არამიზნობრივი მოხმარება“, – განაცხადა მალხაზ წერეთელმა.

1news.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …