ფარმაცევტულ ბაზარზე მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში მოპასუხე კომპანიების რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. ინფორმაციას კონკურნციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ფარმაცევტულ ბაზარზე 4 კომპანიის მიმართულებით დაწყებულ საქმის შესწავლას კიდევ ერთი კომპანია დაემატა.
“ონკოლოგიური მედიკამენტებთან დაკავშირებით მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში, დამატებით გამოვლენილი და სააგენტოს მიერ შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შპს “ეს კა იმპექსის” მოპასუხე მხარედ ჩართვა განხორციელდა. შესაბამისად, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლების (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვა) შესაძლო დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, სააგენტო ბაზრის მოკვლევას 5 ეკონომიკური აგენტის მიმართ – სს „გეფას“, პს „ავერსიფარმა“, შპს „პსპ ფარმას“, შპს „მერმისს“ და შპს შპს “ეს კა იმპექსი” აწარმოებს,”- ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის: საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, 2023 წლის 24 მარტს, ფარმაცევტულ ბაზარზე მოკვლევის პროცესი დაიწყო. საკითხი ეხება ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების მკვეთრ ზრდას და სავარაუდო, იდენტური ფასწარმოქმნის დაწესებას.