ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით ინსულტის მართვის სისტემის ფუნქციონირების წესი დამტკიცდა.
დოკუმენტში განსაზღვრულია პაციენტის რეფერირების კრიტერიუმები და ინსულტზე საეჭვო შემთხვევაში სასწრაფო დახმარების მიერ პაციენტის შეფასებისა და ტრანსპორტირების პროტოკოლი.
წესის თანახმად, ინსულტის მართვის 2-დონიან სისტემაში მონაწილეობის და შესაბამისი სტატუსის განსაზღვრის მიზნით, სტაციონარულმა სამედიცინო დაწესებულებებმა უნდა მიმართონ რეგულირების სააგენტოს არაუგვიანეს 2023 წლის 1 ივნისისა, ხოლო სააგენტო ვალდებულია 2023 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს აღნიშნული დაწესებულებების შეფასება.
კლინიკების მიერ შესრუოლებული სამუშაოს მონიტორინგი კი ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ უნდა უზრუნველყოს. საუბარია ისეთი კრიტერიუმების შესრულებაზე, როგორიცაა გატარებული პაციენტების რაოდენობა, ჩატარებული თრომბოლიზისების და თრომბექტომიების რაოდენობა და კლინიკური გამოსავლები, ანგარიში კი წარდგენილი უნდა იყოს ყოველკვარტალურად ინსულტის მართვის საკოორდინაციო საბჭოსთვის.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა უნდა უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების გატარება ინსულტზე საეჭვო შემთხვევაში სასწრაფო დახმარების მიერ პაციენტის შეფასებისა და ტრანსპორტირების პროტოკოლის დანერგვის უზრუნველსაყოფად.
დოკუმენტი ავალდებულებს დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს განახორციელონ ღონისძიებები სამედიცინო მომსახურების ხარისხის მონიტორინგის მიზნით ინსულტის რეგისტრის შექმნისა და 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებისთვის.
წესის თანახმად, სავარაუდო ინსულტის მქონე ყველა პაციენტი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (ან პირველადი ჯანდაცვის) პერსონალის მიერ საწყისი შეფასების შემდეგ იგზავნება ან გადაიყვანება მწვავე ინსულტის მართვის სპეციალიზებულ ერთეულში.
ინსულტის მართვა ხორციელდება სამედიცინო მომსახურების 2-დონიან სისტემაში, ესენია პირველადი ერთეული და ნეიროვასკულური ცენტრი.
პირველი მათგანი წარმოადგენს სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ნევროლოგიური სერვისის ფუნქციურ ერთეულს, რომლის ფუნქციონირებისთვის დაწესებულება აკმაყოფილებს რამდენიმე პირობას, მათ შორის აქვს გადაუდებელი დახმარების (EMERGENCY) განყოფილება; აქვს ინტენსიური მოვლის/რეანიმაციული განყოფილება (სულ მცირე I დონის); აქვს კარდიოლოგიური განყოფილება, უზრუნველყოფს თავის ტვინის გამოსახვით კვლევებს ადგილზე 24/7 რეჟიმში, კომპიუტერულ ტომოგრაფიას (მინიმუმ 16-შრიანი) ანგიოგრაფიული რეჟიმით ან მაგნიტურ რეზონანსულ კვლევას (1.5 ტესლა); უზრუნველყოფს ულტრაბგერით ექსტრაკრანიულ დუპლექს გამოკვლევას პირველი 72 საათის განმავლობაში, მუდმივ კარდიომონიტორირებას პირველი 72 საათის განმავლობაში.
ინსულტის მართვის პირველადი ერთეული დაკომპლექტებულია მულტიდისციპლინური გუნდით, სადაც 24/7 რეჟიმში მუდმივად უზრუნველყოფილია შემდეგი სპეციალისტების ხელმისაწვდომობა ადგილზე: ექიმი-ნევროლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, (შესაძლოა დასაქმებულ იყოს არაუმეტეს 2 სხვადასხვა სტაციონარულ დაწესებულებაში), ექთნების გუნდი, რომელიც მხოლოდ ამ ერთეულშია დასაქმებული.
რეკომენდებულია ფიზიოთერაპევტი, ადრეული რეაბილიტაციის დასაწყებად – შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება კლინიკებს, რომლებიც ასრულებენ ამ კრიტერიუმს.
ნეიროვასკულარული ცენტრი კი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: აქვს გადაუდებელი დახმარების (EMERGENCY) განყოფილება; აქვს რეანიმაციის განყოფილება (II-III დონის), ნევროლოგიური განყოფილება, არის კარდიოლოგიური სერვისის მიმწოდებელი, ნეიროქირურგიული სამსახური დაკომპლაქტებული შესაბამისი გამოცდილების ნეიროინტერვენციონალისტებით, ექიმი-ნეიროქირურგი, კარდიოლოგი, ექთნების გუნდი. ინსულტის მართვის ერთეულის ექთნებმა 2 წელიწადში ერთხელ უნდა გაიარონ სამინისტროს მიერ აღიარებული სასწავლო კურსი ექთნებისთვის ინსულტის მართვის თაობაზე.
ინსულტზე საეჭვო დიაგნოზის პაციენტის გადაყვანა ხორციელდება უახლოეს სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც აქვს ინსულტის მართვის პირველადი ერთეული ან ნეიროვასკულური ცენტრი.
jandacva.ge