ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ეხმაურება ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხადებას, სადაც საუბარია თურქეთის მხრიდან საქართველოსთვის გარკვეული მედიკამენტების მიწოდების შეზღუდვაზე.
„თურქეთში მედიკამენტების დიდ ნაწილზე ფასები არის უფრო დაბალი, ვიდრე საქართველოში. ეს მედიკამენტები, რომელიც თურქეთშია, არის თურქი მოსახლეობისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული მედიკამენტები არ არის განუსაზღვრელი რაოდენობით. ვინაიდან მწარმოებელი ამარაგებს თურქეთს, ამარაგებს იმ ფასად, რომელზეც შეთანხმებულია თურქეთთან. ეს არის სისტემა, რომელიც თურქეთის მთავრობამ შემოიღო. მედიკამენტები არის თურქეთის ბაზრისთვის და თუ მედიკამენტების რაღაც ნაწილი არის ზედმეტი რაოდენობით, იმ ზედმეტი რაოდენობით შეგვიძლია ვისარგებლოთ, მათ შორის, ჩვენ. ანუ ჩვენ ვსარგებლობთ თურქეთში არსებული მედიკანტების ჭარბი რაოდენობით. ეს ჭარბი რაოდენობა და ფასიც ყოველთვის ერთნაირი არ არის. 2022 წლის დეკემბერში მოხდა თურქეთში მედიკამნეტებზე ფასების გარკვეულწილად მომატება. 2023 წლის იანვარში გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ გარკვეული მედიკანტების ექსპორტი ძალიან შეიზღუდოს, ანუ თურქეთის რეგულატორმა გადახედა, რა რაოდენობით არის მედიკამენტები თურქეთში და გადაწყვიტა, გარკვეული მედიკამენტების თურქეთიდან გასვლა სხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ნაწილობრივ შეიზღუდოს. ამაზე საუბრობენ ჩემი კოლეგები და ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც რომელიმე კომპანიას არ უნდა იქიდან ყიდვა. უბრალოდ, ეს კომპანიები თურქეთიდან ვეღარ იღებენ იმ რაოდენობით, რომელიც საქართველოს პაციენტს სჭირდება. რამდენჯერმე გაიჟღერა საჯაროდ განცხადებამ მთავრობის მხრიდან, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროსგან, რომ, შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს ხელოვნურად მედიკამენტების დეფიციტის შექმნას, რაც მძიმე ბრალდებაა და მიუღებელია. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ თურქეთიდან შემოტანაზე, თურქულ წამლებზე არაა საუბარი. საუბარია მედიკანტებზე, რომლებიც თურქეთში შევიდა სხვა ქვეყნიდან დაბალ ფასად და მერე იქიდან არის შემოტანილი საქართვლოში. ამიტომ თურქ მწარმოებელთან მოლაპარაკება ამ შემთხვევაში შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან მისი ნაწარმი არ არის, ეს არის საერთაშორისო კომპანიების ნაწარმი, რომელიც სპეციალურ ფასად მიაწოდეს თურქეთს“, – აცხადებს მარგველაშვილი.
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ განცხადება გაავრცელა თურქეთის ბაზრიდან გარკვეული მედიკამენტების მოწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებების თაობაზე.
1tv.ge-ს ინფორმაცია