რეანიმაციისა და ქირურგიის ახალი სტანდარტები კლინიკებს გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის, კერძოდ, ჰოსპიტლების ნაწილს საწოლების რაოდენობის შემცირება მოუწევს, ასევე რთული იქნება რეანიმატოლოგებისა და ექთნების იმ რაოდენობით დამატება, რასაც ახალი სტანდარტი მოითხოვს.
ამის შესახებ ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მაია მახარაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი-2-ზე“ განაცხადა.
„ახალმა სტანდარტმა სივრცესთან დაკავშირებული პირობები შემოიტანა – თუ აქამდე კონკრეტული დარბაზის ფართში პირობითად შეიძლებოდა ყოფილიყო 6 საწოლი, დღეს იგივე ფართში 6 საწოლი არ დაეტევა. ასევე ახალი სტანდარტი მოითხოვს ცვლილებას ინფრასტრუქტურის და აღჭურვილობის მხრივ. კერძოდ, გაზრდილია აღჭურვილობის ჩამონათვალი. თუმცა მისი ნაწილი კლინიკებს ისედაც ჰქონდათ. ჩვენ სტანდარტების შემუშავებაში აქტიურად ვიყავით ჩართულები. ჩვენი კომენტარების ნაწილი გაითვალისწინეს, ნაწილი – არა. არის კრიტერიუმები, რომელიც გადამწყვეტს არაფერს ცვლის. ხოლო თუ კრიტერიუმი პირდაპირ კავშირშია პაციენტის მოვლის ხარისხთან, ის უნდა არსებობდეს. მაგალითად ერთი საწოლი 15 კვადრატულ მეტრში განთავსდება თუ 16-ში, ეს დიდ განსხვავებას არ იძლევა და ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილება ძალიან რთულია იმ კლინიკებისთვის, რომელიც უკვე არსებობს. როცა ახალი კლინიკა შენდება, ახალი სტანდარტებით მისი დაპროექტება ადვილია, ძველი კლინიკებისთვის კი ახალ მოთხოვნებზე მორგება რთული იქნება. ზოგან ამის საშუალებას შენობა იძლევა, მაგრამ არის შენობები, სადაც ამის გადაკეთება დიდი ალბათობით არ გამოვა. ეს გამოიწვევს საწოლების რაოდენობის შემცირებას – მაგალითად, თუ კლინიკას ჰქონდა 20 რეანომაციული საწოლი, დარჩება 10, “- განმარტა მაია მახარაშვილმა.
მისი თქმით, ძველი კლინიკებისთვის პრობლემაა ინფრასტრუქტურის განახლებაც, რადგან ერთის მხრივ ეს ინვესტიციებს მოითხოვს, მეორეს მხრივ კი ამისთვის აუცილებელი იქნება ჰოსპიტლის დროებით დახურვა, რაც, მისი შეფასებით, გამორიცხულია, რადგან ფინანსურად დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.
მაია მახარაშვილი ახალ სტანდარტებთან დაკავშირებით ერთერთ ყველაზე მწვავე პრობლემად კადრებს ასახელებს. მისი თქმით, გამკაცრებული რეგულაცია აორმაგებს ერთ საწოლზე გათვალისწინებული მედპერსონალის სავალდებულო რაოდენობას.
„ქვეყანაში რეანიმატოლოგი დეფიციტურია. იგივე პრობლემაა ექთნებთან მიმართებაში – დღეს თუ სამ საწოლზე ერთი ექთანია მოთხოვნილი, შემდეგი წლიდან ორ საწოლზე ერთი უნდა იყოს,“- განაცხადა მაია მახარაშვილმა.
შეგახსენებთ: სტაციონარული დაწესებულებების ახალი სანებართვო პირობები მთავრობის ბოლო სხდომაზე დამტკიცდა.
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ცვლილების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო რეჟიმის სრულყოფა, სამედიცინო მომსახურების ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა. ახალი სანებართვო პირობების თანახმად, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ნებართვა აღარ გაიცემა საცხოვრებელ შენობებში განთავსებულ ობიექტებზე.
დაწესებულება ვალდებულია თავისი საქმიანობა ახალ სანებართვო პირობებთან 2023 წლის 1 სექტემბრამდე მოიყვანოს შესაბამისობაში .