გვაინტერესებს, მედიკამენტებზე ფასების მატების საფუძველი ტექნიკური ხარვეზი იყო თუ არა – ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა.
მისი თქმით, სააგენტოს ფარმაცევტული კომპანიებისგან მიღებული აქვს განმარტებები და კომუნიკაცია გრძელდება.
შეგახსენებთ: 22 თებერვალს ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაკეთილსინდისიერი ქმედებები დაფიქსირდა და კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდა. უწყების ინფორმაციით, მათი რეაგირების შემდეგ, ფასები საწყის ნიშნულს მალევე დაუბრუნდა, თუმცა ამ მიმართულებით კონტროლი გამკაცრდება. საკითხით კონკურენციის სააგენტო იმ ეტაპზევე დაინტერესდა.
დღეს სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და კომპანიების აქტიური კომუნიკაციით, საკითხის წინასწარი შეფასება მიმდინარეობს.
„კომპანიებისგან მიღებული გვაქვს რიგი განმარტებები, ვაგრძელებთ კომუნიკაციას და თუ მოკვლევას დავიწყებთ, საზოგადოებას ვაცნობებთ. მოკვლევის დაწყების შემთხვევაში, საფუძველი არის ერთდროულად ფასის ზრდა. გვაინტერესებს, ამის საფუძველი ტექნიკური ხარვეზი იყო თუ არა. ამასთან, იმ მედიკამენტების ბაზარზე, სადაც აღნიშნული მედიკამენტები გაძვირდება, ბაზარზე იქნებიან დომინანტი კომპანიები, ამ შემთხვევაში, შეიძლება განხილული იყოს ჭარბი ფასის დაწესება. ეს ყველაფერი წინასწარი ვარაუდებია და დავიწყებთ თუ არა მოკვლევას, გეტყვით“ , – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.