იაპონიის დაფინანსებით, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიით აღიჭურვება. გარდა ამისა, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში მობილური ვეტ-კლინიკის სერვისი შეიქმნება.
აღნიშნულს ითვალისწინებს ერთერთი იმ სამი პროექტიდან, რომელთა ხელმოწერის ცერემონია იაპონიის საელჩოში გაიმართა. პროექტების საერთო ღირებულება 336 554 აშშ დოლარია.
პროექტები დაფინანსებულია იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში.
ხელმოწერის ცერემონიას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, იაპონიის ელჩი საქართველოში – იმამურა აკირა და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
,,ჩვენს რეგიონსა და იაპონიის საელჩოს მჭიდრო თანამშრომლობა აქვთ, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს მიღებული არაერთი მიმართულებით. მიხარია, რომ იაპონიის მთავრობის დაფინანსებულ 3 პროექტს შორის 2 პროექტი ჩვენი რეგიონიდანაა. მნიშვნელოვანია, რომ საელჩოდან მიღებული გრანტით, მოხდება რუხის სამედიცინო ცენტრის უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიით აღჭურვა, რაც მოხმარდება საავადმყოფოში კარდიოლოგიური და ნევროლოგიური სერვისების განვითარებას. ეს საავადმყოფო მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ის წარმოადგენს უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ დაფიანანსებისთვის და ამ გადაწყვეტილების მიღებისთის. ასევე მნიშვნელოვანია მეორე პროექტი, რომელიც ეხება სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში მობილური ვეტ-კლინიკის სერვისის შექმნას, რაც რეგიონში მეცხოველეობის განვითარებას და ვეტერინარული სერვისების ადგილზე მიღებას ხელს შეუწყობს,“ – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.