ბოლო პერიოდში სამედიცინო სადაზღვევო პროდუქტების არჩევისას სულ უფრო მეტი მომხმარებელი ითხოვს პაკეტში ფსიქოლოგისა და ფსიქოთერაპევტის მომსახურების შეტანას.
ერთერთი პირველი კომპანია, რომელმაც 10 თვის წინ ბაზარზე ამ მიმართულების ახალი შეთავაზება გამოიტანა, „თიბისი დაზღვევაა“. კომპანიამ დაზღვეულებს შესთავაზა 50%-იანი თანაგადახდა ფსიქოთერაპევტთან ან ფსიქიატრთან კონსულტაციაზე.
Jandacva.ge დაინტერესდა, კონკრეტულად რას ითვალისწინებს ეს პროდუქტი და როგორია მასზე მოთხოვნა. როგორც „თიბისი დაზღვევაში“ აცხადებენ, მენტალური ჯანმრთელობის დაზღვევის ფარგლებში დაზღვეულს შეუძლია ფსიქოლოგთან წელიწადში 5 ვიზიტისას ისარგებლოს 50%-იანი თანაგადახდით პროვაიდერ ცენტრებში – „კამარაში“, „მენტალ ჰაბში“ ან „დიალოგში“.
ეს მომსახურება არის ჯანმრთელობის დაზღვევის ნაწილი, რომელიც დაემატა დაზღვეულების უკვე არსებულ პაკეტს.
„3 წლის წინ შევქმენით ჯანმრთელობის ყველაზე თანამედროვე დაზღვევა, რათა ადამიანებისთვის გაგვეადვილებინა ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მთლიანობაში ჯანმრთელობა მოიცავს არამხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასაც. მენტალური ჯანმრთელობა წარმოადგენს ზოგადი ჯანმრთელობის თანაბარმნიშვნელოვან კომპონენტს და რადგანაც ჩვენი მიზანია შევქმნათ საუკეთესო დაზღვევა, პაკეტს დავამატეთ ახალი დაფარვა. ამით ვცადეთ, ხაზი გაგვესვა ემოციური კეთილდღეობის მნიშვნელობაზე და დაზღვეულებისთვის ხელი შეგვეწყო მთლიან, როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაში,“ – აცხადებენ კომპანიაში.
მათი ინფორმაციით, ჯანმრთელობის დაზღვევით მათთან 400-მდე კომპანია სარგებლობს, მათ შორისაა უცხოური კომპანიები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რაც შეეხება მომხმარებლის მხრიდან ახალი სერვისის შესახებ გამოხმაურებას, კომპანიაში ამბობენ, რომ დაფარვის დამატებისთანავე დადებითი გამოხმაურება მიიღეს, რასაც მაღალი მოთხოვნა მოჰყვა.
„მენტალურ ჯანმრთელობაზეც ისევე უნდა ვზრუნავდეთ, როგორც ფიზიკურზე, მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ სრულფასოვანი, ჰარმონიული მდგომარეობის მიღწევას. რაც დრო გადის, პროდუქტზე მოთხოვნა იზრდება და, იმედი გვაქვს, რომ მატების ტენდენცია შენარჩუნდება. დღევანდელ სტრესულ გარემოში საჭირო და ამავე დროს რთულია ემოციური სტაბილურობის შენარჩუნება. გვინდოდა, საზოგადოებისთვის გვეთქვა, რომ დროა, მენტალურ ჯანმრთელობასაც ისეთივე დრო და ყურადღება დაეთმოს, როგორც ფიზიკურს. სწორედ ამ მოტივით შეიქმნა ახალი დაფარვა. გვინდა, წინა პლანზე წამოვწიოთ მენტალური ჯანმრთელობის როლი სრულფასოვანი ცხოვრების მიღწევაში. პროდუქტი ჯერ კიდევ ახალია, ამიტომ ვაკვირდებით დაზღვეულების სურვილებს. გამოკითხვებისა და შეფასებების საფუძველზე გავითვალისწინებთ მოთხოვნებს და აქტიურად გავაგრძელებთ დაზღვევის გაუმჯობესებას,“ – განაცხადეს „თიბისი დაზღვევაში.“
მათი თქმით, მენტალური ჯანმრთელობის დაფარვა სადაზღვევო ინდუსტრიისთვის სრულიად ახალი მიმართულებაა, რომელიც მათ შექმნეს.
სალომე ხუბუა, jandacva.ge