მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » “საქართველოში თურქული მედიკამენტების ფასების ზრდა ყოველგვარ ჯანსაღ პროცესებს სცდება“

“საქართველოში თურქული მედიკამენტების ფასების ზრდა ყოველგვარ ჯანსაღ პროცესებს სცდება“

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხადება იმის შესახებ, რომ ფასების მკვეთრი ზრდა თურქეთში მედიკამენტების გაძვირებას მოჰყვა, ეკონომისტი პაატა ბაირახტარი „ტყუილს“ უწოდებს და ამბობს, რომ ასეთი შეფასების გაკეთებისთვის სტატისტიკური მონაცემების გაცნობაც კი საკმარისია, რომლის მიხედვითაც, გასული წლის 9 თვეში თურქეთიდან 50 მილიონის მედიკამენტების იმპორტი განხორციელდა, 29 მილიონის იმპორტი გერმანიიდან არის განხორციელებული, მას კი მოსდევს შვეიცარია და საფრანგეთი.

შესაბამისად, ბაირახტარის თქმით, ბაზარი საკმაოდ დივერსიფიცირებულია და არანაირ ერთ ქვეყანაზე „ჩამოკიდების“ რისკი არ არსებობს. რაც შეეხება თურქეთის ბაზარზე მედიკამენტების გაძვირებას, ეკონომისტის თქმით, იქ ფასების ცვლილება მართლაც მოხდა და ფასები საშუალოდ 20%-ით შეიცვალა, ჩვენთან კი ფარმაცევტულმა კომპანიებმა ეს მედიკამენტები 100%-ზე მეტად გააძვირეს.

„რიგ შემთხვევაში იყო ფასების 300%-ნი ზრდა. აქედან გამომდინარე საქართველოში, თურქული მედიკამენტების ფასების ზრდა ყოველგვარ ჯანსაღ პროცესებს სცდება და ბაზრის ჰოლდინგურ სტრუქტურას უკავშირდება.

„როგორც უკვე ვსაუბრობდი, ჰოლდინგურ კომპანიებს გაცილებით დიდი რესურსი აქვთ, კონკურენციის კანონმდებლობას თავი აარიდონ. კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა გახლავთ ასევე შეთანხმებული ფასებით ოპერირება, რისი ნიშნებიც არაერთი გამოიკვეთა ბოლო პერიოდში ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე. როდესაც ჩვენ რამდენიმე შემომტანი გვყავს და მათ სხვადასხვა ქვეყნებიდან, სხვადასხვა რაოდენობის მარაგები შემოაქვთ, შეუძლებელია ყველა კომპანიას ერთდროულად, წინასწარი შეთანხმების გარეშე გაეზარდა ფასები, თანაც 200 და 300%-ით. მეორე გარემოება გახლავთ ის, რომ თუ კომპანიებმა მართლაც რაიმე ობიექტური მიზეზის გამო გაზარდეს ფასები, მაშინ როგორ მოახერხეს ხალხის პროტესტის შემდეგ ამ ფასების 50-60%-ით შემცირება დროის 24 საათიან მონაკვეთში? ეს ხომ აბსურდია,“ – აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.

შეგახსენებთ: 22 თებერვალს ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაკეთილსინდისიერი ქმედებები დაფიქსირდა და კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდა. უწყების ინფორმაციით, მათი რეაგირების შემდეგ, ფასები საწყის ნიშნულს მალევე დაუბრუნდა, თუმცა ამ მიმართულებით კონტროლი გამკაცრდება.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …