მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » დიდ ბრიტანეთში 100 ათას მოსახლეზე 20 აფთიაქი მოდის, შვედეთში – 14, საქართველოში – 87

დიდ ბრიტანეთში 100 ათას მოსახლეზე 20 აფთიაქი მოდის, შვედეთში – 14, საქართველოში – 87

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებამ ქვეყანაში აფთიაქების ჭარბი რაოდენობის შესახებ ფარმაცევტულ სექტორსა და ექსპერტულ წრეებში ამ საკითხზე დისკუსიის გააქტიურება გამოიწვია. ზურაბ აზარაშვილის თქმით, ქვეყანაში იმაზე სამჯერ მეტი აფთიაქია, ვიდრე საჭიროა.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში კი საპასუხოდ აცხადებენ, რომ არცერთ ქვეყანაში აფთიაქების რაოდენობა შეზღუდული არ არის და წარმოუდგენელია, საბაზრო ეკონომიკის მქონე სახელმწიფოში ასეთი რეგულაცია არსებობდეს. ასოციაციის პოზიციაა, რომ პრობლემა მედიკამენტების ჭარბი გამოწერისა და მოხმარების კუთხითაა – მათი მონაცემებით, გამოწერილი მედიკამენტების 25% არასაჭიროა. ექსპერტების ნაწილის თქმით, პრობლემა იმაშია, რომ საცალო რეალიზაცია და იმპორტი ხშირ შემთხვევაში ერთი კომპანიის ხელშია, რაც უნდა გაიმიჯნოს.

Jandacva.ge დაინტერესდა, როგორია აფთიაქების რაოდენობა სხვა ქვეყნებში, კერძოდ რამდენი აფთიაქი მოდის 100 ათას მოსახლეზე.

statista.com-ის ინფორმაციით დიდ ბრიტანეთში 11522 აფთიაქია, შესაბამისად, 100 ათას მოსახლეზე 20,5 აფთიაქი მოდის.

შვედეთში, სადაც 10,4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 1411 აფთიაქია, ანუ 100 ათას მოსახლეზე – 14 აფთიაქი.

რაც შეეხება საქართველოს, კონკურენციის სააგენტოს უახლესი კვლევით,

2021 წლის მდგომარეობით ქვეყანაში 3 213 აფთიაქის ოპერირებას ახორციელებს 1712 ეკონომიკური აგენტი. შესაბამისად, საქართველოში 100 ათას მოსახლეზე 87 აფთიაქი მოდის.

კონკურენციის სააგენტოს კვლევის თანახმად, საქართველოში 10 და მეტი აფთიაქი გააჩნია 12 კომპანიას (სულ 1238 აფთიაქი), ხოლო მათგან 3 ყველაზე მსხვილი კომპანია ჯამურად ფლობს 927 აფთიაქს.

„სამედიცინო სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობით, ერთი ეკონომიკური აგენტის დაქვემდებარებაში არსებული აფთიაქების მაქსიმალური რაოდენობა არ არის შეზღუდული. კანონმდებლობა ასევე არ ზღუდავს ერთი ეკონომიკური აგენტის საქმიანობას სექტორის სხვადასხვა დარგში, მათ შორის, ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების მიმოქცევის სხვადასხვა დონეზე. შედეგად, ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტები (პირდაპირ ან/და ურთიერთდამოკიდებული პირების საშუალებით) ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან, როგორც ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების ჯაჭვის ყველა დონეზე (იმპორტი, წარმოება, საბითუმო მიწოდება, საცალო რეალიზაცია), ასევე ოპერირებას უწევენ კლინიკებს, სადაზღვევო კომპანიებს და ა.შ. შედეგად, ქვეყანაში ფარმაცევტული ბაზარი გამოირჩევა ვერტიკალური/ჰორიზონტალური ინტეგრაციის მაღალი ხარისხით და ჰოლდინგური მოწყობით,“ – ნათქვამია კვლევაში.

jandacva.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …