მოლოდინი, რომ თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნა მნიშვნელოვნად შეცვლიდა ბაზარს, ძალიან დიდი იყო და ეს მოლოდინი მთავრობას თავად ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებმა გაუჩინეს. ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარგველაშვილმა განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, ის ამ მოლოდინს არ ეთანხმებოდა.
„სექტორის გარკვეულმა მონაწილეებმა თქვეს, თუ თურქეთიდან წამლების შემოტანის გამარტივება ბევრ პრობლემას მოგვიგვარებდა. მე ამას არ ვეთანხმებოდი. გამარტივებულმა შემოტანამ მოსახლეობის ნაწილს ძალიან დიდი შვება მოუმატა, მაგრამ ესაა მოკლევადიანი და საშუალოვადიანი ქმედება, რომელიც ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშაა. ეს მათი ბაზარია და ისინი წყვეტენ, მაგალითად, გასული წლის 13 დეკემბერს თურქეთმა გადაწყვიტა, რომ 33,6 პროცენტით გაეძვირებინა წამლები. მიმდინარე წლის 12 თუ 13 იანვარს კი გადაწყვიტა, რომ მნიშვნელოვნად შეიზღუდოს იმ მედიკამენტების ექსპორტი, რომლებიც სხვა ქვეყნებიდანაა შემოტანილი თურქეთში,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ: 22 თებერვალს ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაკეთილსინდისიერი ქმედებები დაფიქსირდა და კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდა. უწყების ინფორმაციით, მათი რეაგირების შემდეგ, ფასები საწყის ნიშნულს მალევე დაუბრუნდა, თუმცა ამ მიმართულებით კონტროლი გამკაცრდება.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნით, თურქეთიდან მედიკამენტები პარალელური იმპორტით, გამარტივებული რეჟიმით შემოვიდა, რამაც საქართველოში წამლების ფასი მნიშვნელოვნად შეამცირა. აქედან გამომდინარე, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები, ევროპულთან შედარებით, ბევრად იაფი ღირს. შესაბამისად, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, თურქული წამლების ფასის ხელოვნური ზრდა, მიუღებელია ჯანდაცვის სამინისტროსთვის, რადგან ეწინააღმდეგება სახელმწიფოს გაცხადებულ მიზანს, მოქალაქეებისთვის უზრუნველყოს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, წამლებზე სამართლიანი ფასის დაწესების გზით,” – ნათქვამი იყო სამინისტროს განცხადებაში.