დაზღვევის საფუძველი არის გაუთვალისწინებელი რისკის მართვა, მაგრამ თუ დღეს საქართველოში არსებულ მოთხოვნას გადავხედავთ, საქართველოში დაზღვევა ესაა გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურების სქემა.
ამის შესახებ „პეესპე დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა სოფო ლებანიძემ განაცხადა.
„შემსყიდველს სურს ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, მედიკამენტები, ისეთი კვლევები, რომლებიც დაზღვევასთან და გაუთვალისწინებელ რისკთან ასოცირებული არ არის. ანუ მადა, მიდგომა, სურვილები, შესაძლებლობები ქმნის იმ პრობლემას, რომ გვაქვს გაზრდილი მოხმარება, მეორეს მხრივ დაზღვევის ინდუსტრია ვეღარ აწვდის ამ მოთხოვნების შესაბამის პროდუქტს იმ ფასად. ეს გავლენას ახდენს ასევე ეკონომიკაზე, რადგან დაზღვევის ინდუსტრია იძულებული ხდება გაზარდოს ფასები. ხოლო რაც უფრო გაიზრდება ფასები, დაზღვეულთა რაოდენობა შემცირდება,“ – განაცხადა სოფო ლებანიძემ.
მომხმარებლის მხრიდან მსგავს დამოკიდებულებაზე საუბრობს სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ ადამიანები სადაზღვევო პაკეტების შერჩევისას მთავარ აქცენტს გეგმიურ ამბულატორიულ შემოწმებაზე აკეთებენ და არა – ყველაზე რთული რისკების დაზღვევაზე, ისეთის, როგორიც მაგალითად ონკოლოგიაა.
„როდესაც რომელიმე კომპანიაში კორპორატიული დაზღვევის პაკეტების პირობებს განიხილავენ, პირველი, რასაც თანამშრომლები კითხულობენ, არის ამბულატორიული სერვისების, სტომატოლოგიის და მედიკამენტების დაფარვა, ასევე ჰოსპიტალური მომსახურება. მსგავს განხილვებზე იშვიათად ისმის კითხვა – „რა ლიმიტი აქვს შემოთავაზებულ პაკეტს იმ შემთხვევაში, თუკი მე ან ჩემი ოჯახის წევრს ონკოლოგიურ დიაგნოზს დაგვისვამენ?“ – აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.
მისი თქმით, სწორედ ამ მიდგომის გამო დგება სამწუხარო შემთხვევები, როცა დაზღვეულს ონკოლოგიურ დიაგნოზს უსვამენ (ასეთი ახალი შემთხვევა კი წელიწადში 10 ათასამდეა) და სწორედ ამ დროს აღმოაჩენს, რომ ონკოლიმიტები ძალიან მცირე ან საერთოდ არ აქვს, რადგან ამაზე, პაკეტის შეძენისას, უბრალოდ, არ უფიქრია.