მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » კლინიკები პაციენტის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული სანქციების შემსუბუქებას ითხოვენ

კლინიკები პაციენტის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული სანქციების შემსუბუქებას ითხოვენ

კლინიკები პაციენტის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული სანქციების შემსუბუქებას ითხოვენ.

საუბარია გასული წლის ნოემბრიდან ამოქმედებულ რეგულაციაზე, რომლის თანახმად, შეიქმნა სპეციალური პორტალი და ჰოსპიტალიზაციის სქემაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს დაევალათ, ამ ელექტრონულ პლატფორმაზე მიუთითონ, შეუძლიათ თუ არა მიმდინარე ეტაპზე ამა თუ იმ ჩვენების მქონე პაციენტების მიღება.

როგორც ჯანდაცვის ასოციაციის ხელმძღვანელმა მაია ხეჩინაშვილმა jandacva.ge-სთან საუბარში განმარტა, განსაზღვრულია გეოგრაფიული არეალები იმ კლინიკების გარშემო, სადაც ამ არეალში მყოფი პაციენტების ჰოსპიტალიზაცია უნდა მოხდეს. ამასთან, კლინიკები ელექტრონულ პორტალზე მუდმივად უნდა აახლებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი პაციენტის მიღება შეუძლიათ იმ მომენტში. მაგალითად, ამ პორტალზე უნდა ჩანდეს, თუ რომელიმე კლინიკას რეანიმაციაში თავისუფალი ადგილი არ აქვს, ან გაუფუჭდა „კატეს“ აპარატი. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ამ ინფორმაციას ხედავს და პაციენტსაც ასეთ კლინიკაში არ გადაამისამართებს.

რაც შეეხება სანქციას, ის მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა კლინიკას ამა თუ იმ მიზეზით არ აქვს პაციენტის მიღების შესაძლებლობა, თუმცა ეს მონაცემი ელექტრონულ პლატფორმაზე არ აქვს დაფიქსირებული. ანუ მას ბაზაში „ფანჯარა“ ღია აქვს, მიყვანილ პაციენტს კი ჰოსპიტალიზაციაზე უარს ეუბნება.

„აქამდე მსგავსი ელექტრონული პორტალი არ არსებობდა და ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი საგანგებო სიტუაციების ცენტრში რეკავდა, საიდანაც პაციენტს შესაბამის კლინიკაში გადაამისამართებდნენ. პორტალის ამოქმედებამ კი ეს პროცესი გამჭვირვალე გახადა და სასწრაფოსაც გაუმარტივდა საქმიანობა. რაც შეეხება სანქციებს, ჩვენი აზრით, ისინი საკმაოდ მკაცრია, რადგან გასათვალისწინებელია ადამიანური ფაქტორი – შესაძლოა კლინიკის წარმომადგენელმა დროულად ვერ შეიტანა ინფორმაცია, ან არსებული პაციენტი დამძიმდა და რეანიმაციაში გადაიყვანეს, ბაზაში კი ამის დაფიქსირება ვერ მოესწრო და ჩანს, რომ რეანიმაციაში თავისუფალი ადგილი არის.  უამრავი ასეთი შემთხვევა შეიძლება მოხდეს, სანქციები კი შეუსაბამოდ მკაცრია – მაგალითად, მესამე დარღვევაზე კლინიკას ჰოსპიტალიზაციის უფლება ერთი წლით უჩერდება, რაც სამედიცინო დაწესებულებისთვის სერიოზული პრობლემაა. თანაც არაა  განსაზღვრული პერიოდი, რომელშიც დარღვევების რაოდენობა ითვლება. ანუ მაგალითად, 5 წლის განმავლობაში რომ სამი ასეთი დარღვევა დაფიქსირდეს, ამის გამო ერთი წლით კლინიკისთვის ჰოსპიტალიზაციის უფლების ჩამორთმევა ძალიან მკაცრი სანქციაა,“ – განმარტავს მაია მახარაშვილი და აცხადებს, რომ ნოემბრის შემდეგ, როცა ეს რეგულაცია ამოქმედდა, კლინიკები უკვე დადგნენ სანქციების წინაშე.

მისივე თქმით, ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაცია არის და მიმდინარეობს მისი განხილვა.

აღნიშნული შეხვედრა გუშინ გაიმართა და მას ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური და  საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კუტიბაშვილთან.

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …