“მემარცხენე ალიანსი” მედიკამენტებზე ფასების შესამცირებლად ანტიმონოპოლიური კანონის შესაბამისად, კონკურენციის სააგენტოსაგან მონოპოლიური ფარმაცევტული კომპანიების დაშლას ითხოვს.
“მემარცხენე ალიანსის” ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა, დღეს პარტიის ოფისში პრესკონფერენცია გამართა, რომელიც ბოლო პერიოდში მედიკამენტებზე გაზრდილი ფასების საკითხს მიეძღვნა. როგორც სოსო შატბერაშვილმა პრესკონფერენციაზე განმარტა, მოსახლეობა ყველაზე მძიმედ წამლების გაძვირებას აღიქვამს, რომელთა ფასი ბოლო პერიოდში 20-დან 25 %-მდე გაძვირდა, რაც კატასტროფის მაუწყებელია.
შატბერაშვილმა განმარტა ის მიზეზები, თუ რამ გამოიწვია მედიკამენტებზე ფასების ზრდა და ისაუბრა ასევე ხელისუფლების მიერ გასატარებელ ღონისძიებებზეც.
შატბერაშვილის განმარტებით, საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლია რამდენიმე ფარმაცევტულ კომპანიას უჭირავს, რომლებიც ერთმანეთთან შეთანხმებით ახდენენ ფასების აწევასა და დაწევას.
“რა გახდა ორი მონსტრი ფარმაცევტული კომპანიის “პე-ეს-პე-სა” და “ავერსის” დაშლა? დაშლაში ჩვენ მათ გაუქმებას არ ვგულისხმობთ. რამდენიმე ფარმაცევტული კომპანია ერთად, კერძოდ, “ფარმადეპო”, “ჯი-პი-ესი”, “ფარმა სახლი” და სხვა ფარმაცევტული კომპანიის კარტერული შეთანხმებით ხდება ფასების აწევა თუ დაწევა. ჩვენ ვითხოვთ კონკურენციის სააგენტოსაგან ანტიმონოპოლიური კანონის შესაბამისად, დაშალოს ეს კომპანიები და წამლის შემოტანა საბითუმო და საცალო ვაჭრობა ქვეყანაში ჯანსაღ კონკურენციას დაექვემდებაროს”, – აღნიშნა სოსო შატბერაშვილმა.
მისივე თქმით, ევროპის კანონმდებლობით, აკრძალულია ქვეყანაში წამლის შემომტან კომპანიას ამავე დროს ჰქონდეს საცალო აფთიაქების ქსელი. შატბერაშვილმა დასძინა, რომ “ავერსსა” და “პე-ეს-პეს”, მედიკამენტის არა მარტო შემოტანის ექსკლუზიური უფლება აქვთ, არამედ საცალო აფთიაქების ქსელი, რაც ახშობს ფარმაციის ბაზარზე კონკურენციას.
“ავერსმა” ააშენა კლინიკები, დაეპატრონა ზოგადად მედიცინის დარგს და და სადაზღვევო კომპანიები შექმნა. წამლის შემოტანა, საბითუმო, საცალო ვაჭრობა, კლინიკა და დაზღვევა – ყველაფერი “ავერსის” ხელშია და როგორაა შესაძლებელი, რომელიმე ფარმაცევტულმა კომპანიამ ფასდაკლებაში მას კონკურენცია გაუწიოს”, – აღნიშნა შატბერაშვილმა.
როგორც შატბერაშვილმა აღნიშნა, რომ ანტიმონოპოლიური კანონის შესაბამისად გამოსავალს წარმოადგენს მონოპოლიური ფარმაცევტული კომპანიების დაშლა. ასევე იგი საჭიროდ მიიჩნევს, რომ ის მედიკამენტები, რომლებიც რეცეპტებით გაყიდვას ექვემდებარება, წელსვე შევიდეს საყოველთაო დაზღვევაში. საამისოდ საჭირო სახსრები კი ბიუჯეტში “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკით უნდა გამოიძებნოს. შატბერაშვილი აცხადებს, რომ როგორც მათთვის ცნობილია, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მათ ამ მოსაზრებას იზიარებს.
შატბერაშვილმა პრესკონფერენციაზე მედიკამენტები წარმოადგინა, რომლებზეც ფასებია გაზრდილი.