მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ფსიქიატრები, ლაბორანტები, პათანატომები – ჯანდაცვის სპეციალობები, რომლებშიც კადრების საგანგაშო დეფიციტია

ფსიქიატრები, ლაბორანტები, პათანატომები – ჯანდაცვის სპეციალობები, რომლებშიც კადრების საგანგაშო დეფიციტია

ექიმების სიჭარბის და ქვეყნის მასშტაბით არათანაბარი გადანაწილების გარდა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ერთერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს დისბალანსი სხვადასხვა სპეციალობას შორის.

ამის შესახებ საუბარია  საქართველოს 2022 − 2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში.

დოკუმენტის თანახმად, სპეციალობათა ნაწილი, მაგალითად, რადიოლოგია, კარდიოქირურგია, ტრავმატოლოგია და ა.შ.  განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს,  მაშინ როდესაც სხვა სპეციალობები, განსაკუთრებით თერაპიული (ფსიქიატრია, ლაბორანტის სპეციალობა, პათოლოგიური ანატომია და ა.შ.)  შრომის ანაზღაურებაში არსებული განსხვავებების გამო, მზარდ და საფრთხის შემცველ დეფიციტს განიცდის.

სტრატეგიის თანახმად, არსებული ტენდენციის დასაბალანსებლად, სამინისტრომ უფასო რეზიდენტურის პროგრამები დანერგა, რათა ხელი შეეწყო დასაქმებისთვის სტრატეგიულ გეოგრაფიულ ადგილებსა და დეფიციტურ პროფესიებში.

გამოწვევად სახელდება ჯანდაცვის მუშაკების მზარდი საშუალო ასაკი, რაც ძირითადად სოფლის ტიპის დასახლებებში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში შეიმჩნევა. ქვეყანაში ასევე  გამოკვეთილია სამედიცინო პერსონალის მზარდი მიგრაცია ევროპის რეგიონში (ე.წ. „ინტელექტის გადინება“), რაც განპირობებულია კვალიფიციური ჯანდაცვის მუშაკებისთვის უცხოეთში მიმზიდველი  სამუშაო პირობებით.

„უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთა დიდი რაოდენობა  განაპირობებს  ექიმების სიჭარბეს საქართველოში. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა სპეციალისტები აგრძელებენ დიპლომისშემდგომ და უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებზე სწავლას. დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთა რაოდენობა 100 000 მოსახლეზე ევროკავშირის შესაბამის მაჩვენებლებს ორ ჯერზე მეტად აღემატება,“- აღნიშნულია სტრატეგიაში.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …