მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ტელემედიცინა და ანალიზების ჩაბარება “დისტანციურად” – რა ცვლილებები მოიტანა პანდემიამ

ტელემედიცინა და ანალიზების ჩაბარება “დისტანციურად” – რა ცვლილებები მოიტანა პანდემიამ

კოვიდპანდემიამ, უკიდურესად ნეგატიურ შედეგებთან ერთად, დადებითი ტენდენციების განვითარებას და გააქტიურებასაც შეუწყო ხელი. ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის არის ტელემედიცინის განვითარება. საქართველოს მთავრობამ 50 სოფლის ამბულატორია უკვე აღჭურვა ტელემედიცინის მოწყობილობებით. ევროკავშირისა და გაეროს ოთხი ორგანიზაციის – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცის (WHO), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს პროექტების ოფისის (UNOPS) მხარდაჭერით. კიდევ 200 ამბულატორიას შეეძლება მოსახლეობისთვის უფრო მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება. პროგრამის დანერგვა იმ რეგიონებშია დაგეგმილი, სადაც სხვადასხვა პროფილის მედიკოსები არ ჰყავთ.

მეან-გინეკოლოგის მაკა ჩიქოვანის თქმით, ორსული ქალებიც იმ პაციენტთა ჯგუფს განეკუთვნება, ვისთვისაც ტელემედიცინა განსაკუთრებით „მომგებიანი“ იქნება.

„მაგალითად თუ ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს, და ორსულს არ სჭირდება რაიმე სახის სამედიცინო ჩარევა გარდა გეგმიური კონსულტაციისა, ეს უკანასკნელი მას შეუძლია ჩაიტაროს დისტანციურად, რა დროსაც ადამიანს ექნება ნაკლები ხარჯი (ტრანსპორტირება), ნაკლები რისკი (გადაადგილების გამო) და დროის რესურსიც დაეზოგება. შედეგად მიიღებს იგივე ხარისხის მომსახურებას, რასაც კლინიკაში მისვლის შემთხვევაში მიიღებდა.

რა თქმა უნდა ტელემედიცინის საშუალებით ვერ ხერხდება სხვადასხვა ანალიზების, მაგალითად ბიოლოგიური, ცელოლოგიური ანალიზების გაკეთება, მაგრამ ბევრ ევროპულ ქვეყანაში უკვე დანერგილია გარკვეული ანალიზების სახლში ჩატარების პრაქტიკა, როდესაც პაციენტს სახლში ეგზავნება ანალიზისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა (მაგ. კონტეინერი) და მასალას კლინიკაში სახლიდან გასვლის გარეშე აგზავნის. ეს პროცესი საკმაოდ პოპულარული COVID-19 პანდემიის დროს გახდა,“ – აცხადებს  მაკა ჩიქოვანი.

ტელემედიცინა ნიშნავს თანამედროვე, ციფრული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას, რათა სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში მაცხოვრებლებს აღარ მოუწიოთ სხვა ქალაქებსა თუ კლინიკებში სიარული ჯანდაცვის მომსახურების მისაღებად. ამით იზოგება ხარჯები და დრო, თუმცა, შესაძლებელი ხდება გამოცდილი ექიმებისა და პრაქტიკოსებისგან ხარისხიანი სერვისის მიღება.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …