მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » დავით სერგეენკო: იაშვილის კლინიკის რეაბილიტაცია პრაქტიკულად სრულდება

დავით სერგეენკო: იაშვილის კლინიკის რეაბილიტაცია პრაქტიკულად სრულდება

იაშვილის კლინიკის რეაბილიტაცია პრაქტიკულად სრულდება და სულ მალე თანამედროვე, გამართული ინფრასტრუქტურა იქნება იმისთვის, რომ ბავშვებს ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისები მიაწოდოს –  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ კლინიკაში ყოფნისას განაცხადა. მან შალვა პაპუაშვილთან, გია ვოლსკისთან, ლევან იოსელიანთან და პარლამენტარ ირმა ზავრადაშვილთან ერთად, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში პაციენტი ბავშვები მოინახულა და საქართველოს პარლამენტის სახელით, პატარებს შობა-ახალი წელი მიულოცა.

„ვესტუმრეთ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, მათ მშობლებს, რომლებიც გმირები არიან და იბრძვიან ექიმებთან ერთად. ძალიან ბევრი პოზიტიური შედეგი აქვთ მკურნალობის. მცირედით გავახარეთ ბავშვები, საჩუქრები ვაჩუქეთ და ახალი წელი მივულოცეთ. ამ თვის ბოლოს დასრულდება შენობის ინფრასტრუქტურული რეაბილიტაცია. საერთაშორისო ევროპულ სტანდარტს უტოლდება ის გარემო, რომელიც იაშვილის კლინიკაშია შექმნილი, მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის დონითაც, რაც მისასალმებელია,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დავით სერგეენკოს თქმით, პაციენტ ბავშვებთან ურთიერთობა და მათთვის მხარდაჭერის გამოხატვა ძალიან ემოციურია.

„საშუალება მოგვეცა, მოგვენახულებინა პაციენტები და მოკრძალებული საჩუქრები გადაგვეცა. ჩვენთვის ძალიან ემოციურია ამ ბავშვებთან ურთიერთობა და ამ მხარდაჭერის გამოხატვა. ეს ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი ცენტრალურია ბავშვთა სამედიცინო სერვისების მიწოდებაში და მიხარია, რომ რეაბილიტაცია პრაქტიკულად სრულდება და სულ მალე თანამედროვე, გამართული ინფრასტრუქტურა იქნება იმისთვის, რომ ბავშვებს ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისები მიაწოდოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა კლინიკაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც დაათვალიერეს.

ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის თქმით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ბავშვთა ჯანდაცვის მიმართულებით კიდევ მეტი ინვესტიცია განახორციელოს.

„ძალიან მნიშვნელოვანი და ამავე დროს, ამაღელვებელია ამ ბავშვებთან კომუნიკაცია. მიხარია, რომ მკურნალობის შედეგები ამ საავადმყოფოში არის ერთ-ერთი საუკეთესო. ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ კიდევ მეტი ჩადოს მედიცინაში, ბავშვების მკურნალობაში, რომ დადგეს ის დრო, როდესაც ჩვენი მოქალაქეები სხვა ქვეყნებში არ ივლიან სამკურნალოდ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ირმა ზავრადაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კლინიკა ახალ ინფრასტრუქტურას ამზადებს ბავშვებისთვის.

„ეს ღონისძიება იყო ძალიან მნიშვნელოვანი თავისი შინაარსით, რადგან ჩემთვის, როგორც ქალისთვის, დედისთვის, ექიმისთვის მძიმეა, მაგრამ ბავშვები იმდენად გახარებული იყვნენ, ჩვენც გავბედნიერდით. კლინიკა ახალ ინფრასტრუქტურას ამზადებს ბავშვებისთვის, ეს არის ძალიან კარგი, ვინაიდან ამ კლინიკის სრული დატვირთით მუშაობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, იაშვილის კლინიკაში უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ყოველ წელს ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტის პაციენტებს ახალ წელს ულოცავს პარლამენტის თავმჯდომარე.

„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მხარდაჭერა კლინიკისთვის და ჩვენი პაციენტებისთვის. ვფიქრობ, ამ ტრადიციას აუცილებლად შევინარჩუნებთ და დღევანდელი მილოცვა იქნება ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი პაციენტების სწრაფად გამოჯანმრთელების საქმეში“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიურ დეპარტამენტში ამჟამად მკურნალობას 20 ბავშვი გადის.

შეგახსენებთ, რომ კლინიკის რეაბილიტაციის ბოლო ფაზა გასული წლის ოქტომბერშ დაიწყო. რემონტის პერიოდში კლინიკა ჰოსპიტალურ პაციენტებს აღარ იღებს, ონკოჰემატოლოგიის განყოფილება კი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …