„ჯიემპის“ სტანდარტის ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე ფარმაცევტულ ბაზარზე მორიგი რეგულაციები შედის ძალაში. 15 იანვრიდან წამლების ნაწილზე რეფერენტული ფასები ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მედიკამენტების ღირებულებაზე მაქსიმალური ზღვარი წესდება, რომელზე ძვირადაც წამლის გაყიდვა აიკრძალება. პირველ ეტაპზე რეფერენტული ფასები ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, წლის განმავლობაში კი მთელ ფარმაცევტულ ბაზარზე ამოქმედდება. ჯანდაცვის სამინისტროს პროგნოზით ფარმაცევტული პროდუქცია, რომელსაც ახალი სისტემა შეეხება, პირველ ეტაპზე 40%-ით გაიაფდება.
ამ თემაზე განმარტებები გააკეთა ჯანდაცვის სპეციალისტმა, მსოფლიო ბანკის პროექტის თანამშრომელმა ლელა სულაბერიძემ, რომელიც რეფერენტულ ფასებზე მომუშავე ჯგუფის წევრია. მისი თქმით, რეგულაციები არის იმ დიდი რეფორმის ნაწილი, რომლის მიზანიც ქვეყანაში უნივერსალური ჯანდაცვის მიღწევაა.
„ახალი რეგულაციით – რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკით სამინისტრო იწყებს მედიკამენტების ფასებზე სახელმწიფო რეგულირებას, რაც მიზნად ისახავს მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. საწყის ეტაპზე რეფორმა შეეხება სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებად მედიკამენტებს, რომლებსაც ისედაც ყიდულობდა სახელმწიფო თავისი მოსახლეობისთვის. საუბარია ქრონიკული დაავადებების სამკურნალო და ასევე ონკოლოგიურ პრეპარატებზე. 15 იანვრიდან უკვე გაეშვება დათვლილი ფასები და სახელმწიფო ნელნელა გააფართოვებს იმ მედიკამენტების სიას, რომელიც აღნიშნული რეფორმის ქვეშ მოექცევა. მიზანია მედიკამენტების გაიაფება, რათა ის ტვირთი, რაც დღეს საქართველოს მოსახლეობას მედიკამენტის შესყიდვის დროს ჯიბიდან გადახდისას უდგება, შევამსუბუქოთ და ამით მიღწეულ იქნას უნივერსალური ჯანდაცვის ამოცანა და მიზანი. ესაა ჯანდაცვის სტრატეგიული ამოცანების ნაწილი, რომელიც საბოლოო ჯამში მოსახლეობის სამედიცინო პროდუქტებზე და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად,“ – განაცხადა სულაბერიძემ.