2024 წლიდან სამედიცინო აღჭურვილობისა და სახარჯი მასალის რეგულირება დაიწყება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ააზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე შესაბამისი დადგენილების მიღება ვერ მოესწრო, თუმცა მომდევნო სხდომაზე ეს დოკუმენტი, სავარაუდოდ დამტკიცდება.
„ესაა სამედიცინო აღჭურვილობისა და სამედიცინო სახარჯი მასალის რეგულირების საკითხი, რომელიც გვინდა, რომ 2024 წლიდან სავალდებულოდ შემოვიდეს და ქვეყანაში წარმოებული თუ იმპორტირებული ნებისმიერი სამედიცინო აღჭურვილობა თუ სახარჯი მასალა იქნება მკაცრად გაკონტროლებული. ეს არის ერთერთი ნაწილი ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების და ამიტომ არის მნიშვნელოვანი,“- განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება დღევანდელ სხდომაზე მიღებულ დადგენილებებს, მინისტრის თქმით, ისინი ეხება კლინიკების აკრედიტაციას, რეფერენტულ ფასებსა და მედპერსონალის მინიმალურ ხელფასებს.
„2025 წლიდან ყველა სტაციონარს, ვინც მონაწილეობს საყოველთაო ჯანდაცვაში, აქვს ვალდებულება გაიაროს საერთაშორისო აკრედიტაცია და ეს იქნება ჩვენს მიერ შეთავაზებული 5 მააკრედიტებელი საერთაშორისო კომპანიიდან ერთერთი და მხოლოდ ამის შემდეგ ექნებათ შესაძლებლობა, გააგრძელონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა,“ – განმარტა მინისტრმა.
მისივე თქმით, ასევე მიღებულ იქნა დადგენილება მედპერსონალის მინიმალური ანაზღაურების შესახებ. ამასთან, ზურა აზარაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარია არა ფიქსირებულ ხელფასებზე, არამედ მინიმალურ ანაზღაურებაზე და კლინიკებს შეუძლიათ, მეტი თანხა გადაუხადონ ექიმებს.
„სამედიცინო სერვისებზე იმ გადახდებით, რასაც სახელმწიფო ანაზღაურებს საყოველთაო ჯანდაცვიდან, მიზანშეწონილია განისაზღვროს ყოველთვიური მინიმალური ყოველთვიური ხელფასი ექიმებისა და ექთნებისთვის. ხაზს ვუსვამ, ესაა მინიმალური ოდენობა და ეს არანაირად არ არის ხელფასის დაფიქსირება. რასაკვირველია, ამაზე მაღალი ხელფასის გაცემა შეუძლიათ. ექთნების შემთხვევაში ეს არის დარიცხული 792 ლარი და ექიმების შემთხვევაში 1260 ლარი. თავიდან, როცა ეს გავაჟღერეთ, თითქოს იყო სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ განვსაზღვრეთ ფიქსირებული ხელფასები და ეს ხელფასი ძალიან დაბალია იმ შრომასთან შედარებით, რასაც ექიმები და ექთნები ეწევიან. რასაკვირველია, ეს დაბალია, მაგრამ ეს არის მინიმუმი და არ არის ფიქსირებული ხელფასი,“ – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.