სადაზღვევო სექტორი ჯანდაცვის სამინისტროს კიდევ ერთხელ მიმართავს – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის ე.წ დაშენებული სადაზღვევო პაკეტები აღადგინოს.
შესაბამისი ინიციატივით სადაზღვევო კომპანიებმა უწყებას ოფიციალური წერილით უკვე მიმართეს. როგორც დარგის წარმომადგენლები ამბობენ, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ კერძო დაზღვევით ისეთი სამედიცინო მომსახურებაც მიიღონ როგორიცაა მაგალითად, სტომატოლოგია, მედიკამენტები, მაღალტექნოლოგიური კვლევები.
როგორც „პსპ დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა, სოფო ლებანიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, ამ გზით მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული ხარჯები შემცირდება.
ამასთან, სადაზღვევო კომპანიების მოთხოვნებს შორისაა, რომ ჯანდაცვის სექტორის დაფინანსების ახალი მოდელი DRG სისტემა სადაზღვევო სექტორზეც გავრცელდეს. როგორც სადაზღვევო კომპანიებში ამბობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ კომპანიების ზარალიანობა გაიზარდოს, რასაც სადაზღვევო პოლისების გაძვირებაც მოჰყვება.
„ჩვენი ინიციატივაა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ მოქალაქეებს ჰქონდეთ უფლება, დამატებითი სამედიცინო მომსახურება, როგორიცაა სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური კვლევები, მედიკამენტები, სტომატოლოგია კერძო დაზღვევის საშუალებით მიიღონ. ამისთვის კი სახელმწიფო პროგრამის მოქალაქეებს უნდა მიეცეთ უფლება, ე.წ. დაშენებული, შემავსებელი პაკეტებით ისარგებლონ. ამ შემთხვევაში მოქალაქეები შეძლებენ, რომ თანხები დაზოგონ და უკეთესი სამედიცინო მომსახურება მიიღონ. ვფიქრობთ, ეს სახელმწიფოს ინტერესშიც უნდა იყოს. ასევე ჩვენს მოთხოვნებს შორისაა, რომ დაფინანსების ახალი სისტემა, DRG მოდელი სადაზღვევო სექტორზეც გავრცელდეს. ეს საერთაშორისო პრაქტიკაა და ამ გზით ისეთ რისკებს ავიცილებთ თავიდან, როგორიცაა კომპანიების ზარალიანობის ზრდა და სადაზღვევო პაკეტების დამატებით გაძვირება“, – განაცხადა სოფო ლებანიძემ.
2017 წლიდან მოქალაქეების ნაწილს ერთდროულად კერძო დაზღვევით და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა არ შეუძლია. შესაბამისად, პირი, რომელსაც გარკვეული შემოსავალი უფიქსირდება და კერძო დაზღვევაში ჩაერთვება, სახელმწიფო პროგრამიდან ეთიშება.