“კლინიკებში ადმინისტრაციულ რესურსებთან დაკავშირებით პროფესიონალი კადრების გარკვეული დეფიციტია. კარგი ბანკირი კლინიკის ფინანსურ სექტორში კარგი ვერ იქნება. ამასთან, ყველაზე დიდი პრობლემა სამედიცინო სექტორში საშუალო მედ პერსონალია.
ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად“ კლინიკა „პინეოს“ კლინიკურმა დირექტორმა დავით ლოლაძემ ისაუბრა.
„რაც შეეხება ადმინისტრაციული მიმართულებით კადრების მოძიებას ამის პრობლემა ნამდვილად არის, ეს კადრები მაღალ ანაზღაურებადი კადრებია, რისი გადახდის უნარიც კლინიკას არ აქვს, ყველაზე დიდი პრობლემა სამედიცინო სექტორში საშუალო მედ პერსონალია, ექიმები ასე თუ ისე მოიძებნებიან, ძალიან ბევრი კარგი და კვალიფიციური ექიმები გყავს, მაგრამ არის დარგები, თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა არის ექთნები, ასისტენტები და დამხმარეები, რაც პირდაპირ კავშირშია ანაზღაურების ნაწილთან, რადგან ამხელა შრომის გაწევა ორ კაპიკად არავის არ უნდა“, – აღნიშნა დავით ლოლაძემ.
რაც ეხება ექთნების დეფიციტს , დავით ლოლაძე ამბობს, რომ მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ როდესაც ადამიანს არ აქვს შესაბამისი ანაზღაურება ის აუცილებლად დაიხევს უკან და მის ინტელექტს სხვა პროფესიული უნარების შეძენას მოახმარს და 2-3 ჯერ მეტ ანაზღაურებას მიიღებს, თუ უცხო ენაც იცის, საერთოდ საზღვარგარეთ წავა.
„პროფესიონალი კადრების გადინება ძალიან დიდია და ჩვენ ჩვენივე გაზრდილ კადრებს ვკარგავთ, როდესაც ამდენი შრომა გაქვს ჩადებული და შენ გაზრდილ ექიმს თვალდახუჭული ენდობი და უცებ გირეკავს და გეუბნება, რომ მექსიკის საზღვარზეა, ეს უკვე კატასტროფაა, ამ ადამიანებს ოჯახების და ქვეყნის დატოვებისკენ მხოლოდ და მხოლოდ დაბალი ანაზღაურება უბიძგებს“, – აღნიშნა დავით ლოლაძემ.
commersant.ge-ს მასალები