ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ინფექციონისტი თამარ დავითაშვილი საქართველოში ანტიბიოტიკის არამიზნობრივი გამოყენების საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ანტიბიოტიკების არამიზნობრივი მოხმარების საწინააღმდეგოდ სახელმწიფოს მხრიდან პირველი ნაბიჯი რაც გადაიდგა, იყო რეცეპტული სისტემის შემოღება, რათა მოსახლეობას თვითნებურად და თვითმკურნალობის მიზნით არ შეეძინა ძლიერმომქმედი მედიკამენტები.
„მეორე პრობლემა არის ექიმების განათლების საკითხი. საჭიროა მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება. ეს უნდა მოხდეს, ძირითადად, გაიდლაინების საფუძველზე, თუ რა დროს და რომელი ანტიბიოტიკი უნდა დაინიშნოს ემპირიულად, როგორ უნდა დავადგინოთ მიზეზი და მიზეზის გამომწვევი საფუძველი და ა.შ. რომელია პირველი და მეორე რიგის ანტიბიოტიკი, რომელია სარეზერვო და რომ ეს უკანასკნელი ინიშნება ინფექციონისტის მიერ. დანარჩენ შემთხვევაში ექიმს უნდა ჰქონდეს ცოდნა, თუ რომელი ანტიბიოტიკი დანიშნოს სამკურნალოდ“, – მიაჩნია დავითაშვილს.
დავითაშვილი მიესალმება საკითხში ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობას და აღნიშნავს, რომ მუშაობს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც სწორედ ანტიბიოტიკების არა მხოლოდ მოხმარების, არამედ რეზისტენტობის საკითხებს ეხმიანება.
„რეზისტენტობა არ არის მხოლოდ ანტიბიოტიკების მოხმარება, იქ კიდევ მრავალი სხვა საკითხია, რაც განაპირობებს ხოლმე რეზისტენტობის პრობლემებს. ჯანდაცვის სამინისტროში მუშავდება გეგმა, რომ ჩატარდეს ტრენინგები და დიპლომის შემდგომი საგანმანათლებლო კურსები.
მიმდინარეობს მუშაობა სახელმძღვანელოების გამოცემაზე. სამუშაოები ჩასატარებელია კომპლექსურად. ერთი მიმართულებით არ ხდება ხოლმე მუშაობა, მხოლოდ ექიმებზე, ან მხოლოდ მოსახლეობაზე. მოსახლეობის სამედიცინო განათლებაზე მუშაობა, ვფიქრობ, უფრო მასმედიის პრეროგატივა იქნება. დანარჩენი, უფრო კონკრეტულად გაწერილი სამუშაო სამინისტრომ უნდა ჩამოაყალიბოს და განახორციელოს“, – მიაჩნია თამარ დავითაშვილმა.