მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » იაშვილის კლინიკის ექიმებს იუნისეფი პაციენტებთან და მათ მშობლებთან კომუნკაციის გაუმჯობესებაში დაეხმარება

იაშვილის კლინიკის ექიმებს იუნისეფი პაციენტებთან და მათ მშობლებთან კომუნკაციის გაუმჯობესებაში დაეხმარება

გაეროს ბავშვთა ფონდმა და იაშვილის ბავშვთა ცენტრალურმა საავადმყოფომ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს კლინიკის პერსონალის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას ინტერპერსონალურ კომუნიკაციაში, მათ შორის ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, ისინი მხარს დაუჭერენ კლინიკას 300-ზე მეტი სამედიცინო მუშაკისთვის ტრენინგების ორგანიზებით, რათა გააუმჯობესონ მათი კომუნიკაციის უნარები და ეფექტიანად გაავრცელონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია დაავადებების დიაგნოსტიკის და მართვის, ასევე პრევენციის, პირველ რიგში ვაქცინაციის უსაფრთხოებისა და მნიშვნელობის შესახებ.

„ინფორმაციული ასიმეტრია სამედიცინო პერსონალსა და პაციენტს/მზრუნველს შორის, შეიძლება გახდეს ბარიერი ხარისხიანი პრევენციული და სამკურნალო სერვისების წვდომაზე, განსაკუთრებით მოწყვლადი მოსახლეობისთვის. დროის სიმწირის და კომუნიკაციის პრინციპების არასაკმარისი ცოდნის გამო, ხშირად, ჯანდაცვის პრაქტიკოსები ასევე ვერ ახერხებენ პაციენტებთან  იმუნიზაციასთან დაკავშირებული შიშებისა და მოლოდინების სათანადოდ განხილვას და ვერ ახდენენ ვაქცინაციის მიმართ ყოყმანზე სწორ რეაგირებას.“, – განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. „ამ კუთხით, ინტერპერსონალური კომუნიკაციის ტრენინგს შეუძლია მნიშვნელოვანი ცვლილება მოახდინოს ჯანდაცვის მუშაკების შესაძლებლობების გაძლიერებაში და საქართველოს მოსახლეობაში ჯანდაცვის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში“, – დასძინა მან.

„მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სისტემის ფორმირებაში სამედიცინო პერსონალის საკომუნიკაციო უნარებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.  საერთაშორისო სამედიცინო პრაქტიკის თანახმად, კეთილგანწყობილი კომუნიკაცია პაციენტებთან მათი სწრაფი გამოჯანმრთელების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. სწორედ ამიტომ ექცევა განსაკუთრებული ყურადღება ტრენინგების ციკლს, რომელიც ემსახურება კომუნიკაციის უნარების გაძლიერებას როგორც მედპერსონალსა და პაციენტს, ასევე კოლეგებს შორის და სალექციო ხასიათის პრეზენტაციებთან ერთად, ინტერაქტიულ ჩართულობას, კონკრეტული სამედიცინო შემთხვევების განხილვასა და ჯგუფურ სემინარებს ითვალისწინებს“ – აღნიშნა იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, თამარ ვახტანგაძემ.

ტრენინგები უცხოელი და ქართველი სპეციალისტების ხელმძღვანელობით 2023 წლის მარტში ჩატარდება და იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სულ 300 სამედიცინო პერსონალი, მათ შორის 100 ექიმი და 200 ექთანი, გადამზადდება. ინტერაქტიული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ტრენინგის პაკეტი დაეხმარება ჯანდაცვის პრაქტიკოსებს გამოავლინონ და გაუმკლავდნენ საკუთარ წინასწარგანწყობებს და მცდარ წარმოდგენებს და აღიჭურვონ აუცილებელი ცოდნით, უნარებითა და დამოკიდებულებებით, რაც მათ სჭირდებათ პოზიტიური და ეფექტიანი ინტერპერსონალური კომუნიკაციისთვის.

ჯანდაცვის მუშაკები მშობლებისა და აღმზრდელებისთვის ინფორმაციის მნიშვნელოვანი და სანდო წყარო არიან. ოჯახებთან ურთიერთობის ფორმამ, კომუნიკაციისა და ჩართულობის ხარისხმა შეიძლება დადებითი ან უარყოფითი გავლენა იქონიოს პაციენტების გადაწყვეტილებაზე როგორც დაავადების მართვის, ისე პრევენციის (იმუნიზაციის) შესახებ.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …