ფარმაცევტული კომპანია PSP პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პასუხობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, PSP არის თურქული მედიკამენტების ერთ-ერთი მსხვილი დისტრიბუტორი საქართველოში.
„დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა თურქული მედიკამენტების მიმოქცევასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს. ფარმაცევტული სექტორი თურქული წარმოების იაფი მედიკამენტების პროექტში მომზადების ეტაპზევე ჩაერთო და დღეს PSP არის თურქული მედიკამენტების ერთ-ერთი მსხვილი დისტრიბუტორი საქართველოში. PSP-სთვის მომხმარებლის ინტერესი უპირველესია და, შესაბამისად, ჩვენი ფარმაცევტები მომხმარებელს ყოველთვის ექიმის დანიშნულების მიხედვით ემსახურებიან. ბატონმა პრემიერმა განაცხადა, რომ ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადამოწმდეს. იმედს ვიტოვებთ, ეს უახლოეს მომავალში მოხდება და საზოგადოება ინფორმირებული იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: „საგანგაშო ინფორმაცია მოვისმინე, რომელსაც გადამოწმება სჭირდება, თითქოს PSP-ს აფთიაქებში ეკითხებიან მომხმარებელს, ძვირი ხარისხიანი წამალი სურს თუ უხარისხო თურქული. ეს არის პირდაპირ მტრობა და რეაგირება სჭირდება“.