იმ ქვეყნებში, სადაც ეს კანონი გამოყენებული იყო, ზოგიერთი მსხვილი ფარმაცევტული კომპანია გავიდა ბაზრიდან. ასევე იყო წამლების დეფიციტის შემთხვევები – ექსპერტები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომლებიც შესაძლოა რეფერენტული ფასების დაწესებას მოჰყვეს. შეგახსენებთ, რომ რეფერენტული ფასების შემოღება ქვეყანაში მომავალი წლის იანვრიდან, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე იგეგმება, წლის ბოლომდე კი მთელ ფარმაცევტულ ბაზარზე უნდა გავრცელდეს. ფასები სხვადასხვა ქვეყნის ფასების მიხედვით დაანგარიშდება.
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის დირექტორის ირაკლი მარგველაშვილის განცხადებით, დიდი ფარმაცევტული კომპანიები შედარებით პატარა ბაზრებზე ყოველთვის უფრთხილდებიან ახალი პროდუქტების წარმოჩენას, რადგან არ არის მათზე სრულად დაკვირვების და მონიტორინგის საშუალება.
„რეფერენტული ფასების დაწესების პროცესს ყველა მიესალმება. მთავარი კითხვაა, რამდენად სწორად დავიწყებთ საპილოტე ნაწილს, რომელიც არის ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებების ნაწილი, და რამდენად გავითვალისწინებთ საპილოტე პროცესში წარმოშობილ პრობლემებს. “ – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, მოსახლეობას უდიდესი ზარალი მიადგება, თუკი თუნდაც რამდენიმე პრეპარატზე თუნდაც დროებით შეიქმნება დეფიციტი.
ჯანდაცვის საკითხების ექსპერტის თენგიზ ვერულავას თქმითაც, ერთერთი მთავარი რისკი მედიკამენტების დეფიციტია. მისი თქმით, გასათვალისწინებელია ინფლაციის ფაქტორი, ამიტომ მთავრობა უნდა იყოს მოქნილი და საჭიროების შემთხვევაში, ფასები წელიწადში თუნდაც 2-3-ჯერაც უნდა გადაიხედოს.
ექსპერტ აკაკი ზოიძის თქმით, რაც მეტ მედიკამენტზე დაწესდება ფასების ზედა ზღვარი, მით მეტია რისკი, რომ ამ წამლებს აღარ შემოიტანენ და დიდი ფარმაცევტული კომპანიებისთვის საქართველოს ბაზარი საინტერესო არ იქნება. მისივე განცხადებით, ეს რისკი დადგა და რეალიზდა კიდეც მოლდოვასა და აზერბაიჯანში, სადაც მედიკამენტების ფიზიკური დეფიციტი გაჩნდა. ამასთან, მისი თქმით, როცა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი იყო და ფასების შეზღუდვის საკითხი დაისვა, მისი ინიციატივა იყო, რეფერენტული ფასების პარალელურად სუბსიდირების მექანიზმი გაფართოებულიყო. მისი განმარტებით, თუ სახელმწიფო გარანტირებულად იყიდის მილიონი მოქალაქისთვის ქრონიკულ მედიკამენტებს, დანარჩენი მილიონი მოქალაქისთვის 30-40%-იანი ფასდაკლების გაწევა ფარმაცევტული კომპანიისთვის პრობლემა არ იქნება და დეფიციტის საფრთხეც შემცირდება.
„ყველა სოცდაუცველს სიმბოლურ ფასად უნდა მივცეთ მედიკამენტი, დანარჩენებისთვის კი რეფერენტული ფასები ძალინ დიდი შეღავათი იქნება,“- განმარტა აკაკი ზოიძემ.
ამ ნაწილში მას ეთანხმება ირაკლი მარგველაშვილიც, რომელიც თვლის, რომ კომპანიებთან უნდა მოხდეს შეთანხმება გარანტირებული მოცულობების შეძენასა და მათზე გარკვეული ფასის დაწესებაზე. ამასთან, მარგველაშვილი პრობლემად ასახელებს მედიკამენტების არარაციონალურ მოხმარებასაც და მიაჩნია, რომ მედიკამენტებზე გაწეული ხარჯებიდან 30-40 პროცენტი არარაციონალურად მოხმარებულ მედიკამენტებზე მოდის.
მისივე ვარაუდით, რეფერენტული ფასების დაწესების შედეგად წამლების ღირებულება დაახლოებით 30-40 პროცენტით შემცირდება, თუმცა არა ყველა სეგმენტში.
ირაკლი მარგველაშვილის ინფორმაციით, პირველი იანვრიდან ფასები განისაზღვრება და კომპანიებს მიეცემათ ერთთვიანი პერიოდი, რომ ეს ტარიფები მოქმედებაში მოიყვანონ. შესაბამისად, მისი თქმით, რეფორმის შედეგები – როგორც ფასების ისე რისკების კუთხით 2023 წლის პირველ კვარტალში დადგება.