მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » რეფერენტული ფასების დაწესების შემდეგ ფარმაცევტული კომპანიების ბაზრიდან გასვლის რისკი დაზღვეულია – სამინისტროს პოზიცია

რეფერენტული ფასების დაწესების შემდეგ ფარმაცევტული კომპანიების ბაზრიდან გასვლის რისკი დაზღვეულია – სამინისტროს პოზიცია

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება არ ქმნის რისკს, რომ დიდი ფარმაცევტული კომპანიებისთვის საქართველო მიმზიდველი აღარ იქნება და ისინი ქართულ ბაზარს დატოვებენ. ამ შინაარსის განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ საუბრისას გააკეთა.

ერთერთი მთავარი რისკი, რომელზეც ხშირად იყო საუბარი, როდესაც ჩვენ ამ პოლიტიკის დანერგვაზე დავიწყეთ საუბარი, იყო ის, რომ შესაძლებელია ფასები ძალიან დაბალი იყოს, საქართველო კი არ არის დიდი ქვეყანა, სადაც ძალიან მაღალი ინტერესი აქვთ კონკრეტულ წარმატებულ ამერიკულ და ევროპულ ფარმაცევტულ კომპანიებს და შესაძლოა, იმ ფასის გამო დატოვონ ქვეყანა. ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკის საფუძველზე ეს რისკი წესით გადაზღვეულია იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნები, რომლებიც ჩვენ ავარჩიეთ, არც მოსახლეობით, არც მოწყობით საქართველოზე დიდი ბაზრები არ არიან. თუ ამ ქვეყნებში დიდი და წარმატებული ფარმაცევტული კომპანიები ოპერირებენ, მაშინ ყველა საფუძველია იმის, რომ იმ ფასებად, რა ფასებსაც ჩვენ დავაწესებთ, საქართველომ მათთვის არ უნდა დაკარგოს ინტერესი. პირიქით, ზოგიერთი დიდი წარმატებული ფარმაცევტული კომპანია ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ ქვეყანაში მედიკამენტების ბაზარი იყოს რეგულირებული იმისთვის, რომ თავისი რეპუტაციის ფარგლებში მათი მედიკამენტი იყოს გადაზღვეული, იყოს ჯანსაღი კონკურენცია, ხარისხზე ორიენტირებული. შესაბამისად, გადაწყვეტილების მისაღებად, რომ კონკრეტულ ქვეყანაში შევიდეს, წარმატებული ფარმაცევტული კომპანია აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას, რამდენად რეგულირებულია ბაზარი, რამდენად სწორადაა ორგანიზებული. შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დაზღვეულია ჩვენი პოლიტიკით,  რომელიც არაა მხოლოდ ქართველი ექსპერტების მიერ შემუშავებული და პროცესში ჩართული გვყავდა მსოფლიო ბანკის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები – ის ექსპერტები, რომლებმაც ევროპის ქვეყნებში ამ მოდელის დანერგვაში მიიღეს მონაწილეობა, ასევე აქ ნახეს რა რისკები შეიძლება ყოფილიყო და კონკრეტული რეკომენდაციებიც გაგვიწიეს,“ – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, რომ რეფერენტული ფასები მედიკამენტების გარკვეულ ჯგუფზე მომდევნო წლის იანვრიდან ამოქმედდება, 2023 წლის ბოლომდე კი – მთელ ფარმაცევტულ ბაზარზე. რეფორმის მიხედვით, სახელმწიფო ზედა ზღვარს დააწესებს თუ რა ფასად უნდა მოხდეს მედიკამენტების გაყიდვა ან მათი იმპორტი. ფასები კი სხვა ქვეყნებთან შედარების საფუძველზე, კონკრეტული ფორმულით უნდა დადგინდეს.

 

 

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …