„მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებას ფარმაცევტულ ბაზარზე ძალიან დადებითი ეფექტი ექნება და ეს წამლებს ძალიან გააიაფებს“,-ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა განაცხადა.
„რეფორმის პირველი ნაწილი უკვე გავაცანით ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებს. ძირითადი პრინციპები ჩამოყალიბებულია. ჩვენ სექტორისგან კონკრეტულ შეკითხვებსა და შენიშვნებს ველოდებით. ვფიქრობ, რომ გეგმის მიხედვით რეფორმა 1 იანვრიდან გაეშვება.
რეფერენტული ფასები, პირველ ეტაპზე, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება. ამის შემდეგ, დავაკვირდებით მის მიმდინარეობას და გეგმის მიხედვით, ყველა მედიკამენტზე, რომელიც საქართველოში იქნება რეგისტრირებული, განსაზღვრული იქნება მაქსიმალური ზედ ზღვარი. ეს რეფერენტული ქვეყნებისა და სტატისტიკის ანალიზის საფუძველზე მოხდება.
ცვლილებას ფარმაცევტულ ბაზარზე ძალიან დადებითი ეფექტი ექნება და ეს მედიკამენტებს ძალიან გააიაფებს“, – განაცხადაამის ღუდუშაურმა.
შეგახსენებთ, რომ რეფერენტული ფასების მექანიზმის შემუშავების პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მუშაობენ.
ცვლილების მიზანი წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და კეთილსინდისიერი მარკეტინგის უზრუნველყოფაა.