ჩვენ ვიმუშავებთ სადაზღვევო კომპანიებთან და ლოგიკური იქნება, რომ დიარჯის მეთოდზე გადასვლის პროცესში სადაზღვევო სექტორიც ჩაერთოს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„იყო შეხვედრა ჰოსპიტალურ სექტორთან, რომელსაც ესწრებოდნენ სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებიც. პრინციპში ეს საკითხი დადგა და იქიდან გამომდინარე, რომ საყოველთაო ჯანდაცვა მთელი სექტორის ერთერთი მთავარი მოთამაშეა და სტაციონარული დანახარჯების თითქმის 80-ს საყოველთაო იხდის, ვფიქრობთ, რომ ეს ლოგიკური იქნება. დიარჯის დანერგვა მთელ მსოფლიოში განგრძობითი პროცესია და არ ნიშნავს, რომ როგორც დღეს დავნერგეთ, ისე იქნება შემდეგი წლების განმავლობაში. პროცესი არის განგრძობითი. სტატისტიკა, რომელსაც შევაგროვებთ პირველადი დიარჯის დანერგვის შედეგად, მუდმივად განახლებადი იქნება და ახალი სერვისები დაემატება. როგორც იცით, ყველა სტაციონარული სერვისი ამ ეტაპზე არ არის ჩართული, თუმცა ძირითადი ნაწილი უკვე მოცულია. ჩვენ ვიმუშავებთ სადაზღვევო კომპანიებთან და პრინციპში, ლოგიკური იქნება, რომ დიარჯის მეთოდზე გადასვლის პროცესში სადაზღვევო სექტორიც ჩაერთოს,“ – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.
DRG მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზისა და სხვა რამდენიმე ფაქტორზე დაფუძნებით განსაზღვრავს. ასეთი შეიძლება იყოს ასაკი, სქესი, გეოგრაფიული ლოკაცია და სხვა.
აღნიშნული სისტემის ამოქმედება 2022 წლის 1 ნოემბრიდანაა დაგეგმილი.
jandacva.ge