მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ქართველი ექიმების ნაწილი მსოფლიოში კოვიდის სამკურნალო ნომერ პირველს მედიკამენტს არ ენდობა

ქართველი ექიმების ნაწილი მსოფლიოში კოვიდის სამკურნალო ნომერ პირველს მედიკამენტს არ ენდობა

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას „ფაიზერის“ წარმოების, კოვიდის საწინააღმდეგო პრეპარატის „პაქსლოვიდის“ საკმარისი მარაგები აქვს, ექიმები ამ წამალს პაციენტებს, ჩვენების შემთხვევაშიც კი არცთუ ხშირად უნიშნავენ. ამის შესახებ განცხადებას ცნობილი ექიმები აკეთებენ.

ბიძინა კულუმბეგოვის შემდეგ პრობლემაზე ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავაც საუბრობს, რომლისთვისაც, ისევე როგორც ვაქცინაციის საკითხში, პაქსლოვიდის შემთხვევაშიც ექიმების ნაწილის მიდგომა გაუგებარია.

როგორც გოგინავამ jandacva.ge-ს განუცხადა, ამ კუთხით ექიმების პასიურობა, შესაძლოა, იმით აიხსნებოდეს, რომ მათი ნაწილი არ ეცნობა პროტოკოლებს და ისევე როგორც ვაქცინაციის შემთხვევაში, მიაჩნიათ, რომ სხვადასხვა დაავადების შემთხვევაში ამ მედიკამენტის დანიშვნა არაა მიზანშეწონილი და არ „რისკავენ“ მის დანიშვნას მაშინ, როდესაც სწორედ ეს დაავადებები ქმნის კოვიდის გართულების რისკს.

„თუკი პაციენტი იღებს გარკვეულ მედიკამენტებს, ექიმებს შეუძლიათ დროებით შეცვალონ ამ მედიკამენტების მიღების გრაფიკი „პაქსლოვიდის“ დანიშვნის პერიოდში. არსებობს შესაბამისი პროტოკოლები. ექიმებიც დატრენინგებულები არიან, თუმცა სამწუხაროდ, ისევე როგორც ვაქცინაციის მიმართ, ამ საკითხშიც იკვეთება მტკიცებულებითი მედიცინის მიმართ ექიმების ნაწილის დამოკიდებულების პრობლემა“ – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ და აღნიშნა, რომ „პაქსლოვიდი“ ძალიან ეფექტიანია კოვიდის მკურნალობის პროცესში.

როცა  ექიმს ეშინია პასუხისმგებლობის აღების და ამის გამო არ უნიშნავს რისკჯგუფში შემავალ პაციენტს „პაქსლოვიდს“, რეალურად ხომ პირიქითაა და ის მეტ პასუხისმგებლობას იღებს, რადგან არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში პაციენტი შესაძლოა დამძიმდეს?ამ კითხვაზე პასუხისას ალექსანდრე გოგინავა ამბობს, რომ თუ მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდება, რეგულირების სააგენტო შეისწავლის ექიმის საქმიანობას და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მას შესაძლოა, შესაბამისი სანქცია დაეკისროს, კერძოდ სახელმწიფო სერტიფიკატი გარკვეული დროით შეუჩერდეს. ამასთან, გოგინავა ამბობს, რომ პაქსლოვიდის გამოყენების პროტოკოლი იმდენად მკაფიოდაა გაწერილი, რომ მისი დაცვით ექიმი საკუთარ თავზე არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს.

პაციენტებისთვის “პაქსლოვიდის” დანიშვნაში არსებულ ხარვეზებზე რამდენიმე კვირის წინ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმაც ისაუბრა. მისი თქმით, ექიმების ნაწილი კოვიდ-პაციენტებს „პაქსლოვიდის“ შესახებ ინფორმაციას არ აწვდის.  ამიტომ ის კორონავირუსით ინფიცირებულ, რისკჯგუფში შემავალ პაციენტებს მოუწოდებს, მკურნალ ექიმებს შეახსენონ „პაქსლოვიდის“ დანიშვნის შესახებ. „შეგიძლიათ ექიმს დელიკატურად მიანიშნოთ. ამაში ცუდი არაფერია,“ – აღნიშნა იმუნოლოგმა.

მისი თქმით, მას თავად მოუწია ამ მედიკამენტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ათეული ადამიანისთვის, რომლებსაც ეს წამალი ესაჭიროებოდათ, მაგრამ არც თავად იცოდნენ მის შესახებ და, სამწუხაროდ, არც ექიმმა მიაწოდა ინფორმაცია.

ფაიზერის“ წარმოებული, COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი “პაქსლოვიდის” პირველი პარტია საქართველოში მიმდინარე წლის მარტში ჩამოვიდა. „პაქსლოვიდი“- ს ინფიცირების  დადასტურებისთანავე გამოყენების შემთხვევაში, დაავადება ვეღარ პროგრესირებს, რაც ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. მედიკამენტი 90%-მდე იცავს დაავადების გართულებისგან.
პაქსლოვიდით“ მკურნალობა ვირუსის დადასტურების ადრეულ ეტაპზე უნდა დაიწყოს, მას პაციენტი რეცეპტის გამოწერის შემდეგ, ბინაზე იღებს.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …