მთავარი » დაზღვევა » „კურაციოს“ ხელმძღვანელი: დაზღვევის უნივერსალური პაკეტის შექმნა მომხმარებლების დაცვის ფანტასტიკური მექანიზმია

„კურაციოს“ ხელმძღვანელი: დაზღვევის უნივერსალური პაკეტის შექმნა მომხმარებლების დაცვის ფანტასტიკური მექანიზმია

„კურაციოს“ ხელმძღვანელი: „დაზღვევის უნივერსალური პაკეტი აუცილებლად უნდა შეიქმნას, თუმცა მისი შეძენა ნებაყოფლობითი უნდა იყოს“

 დაზღვევის უნივერსალური პაკეტის შექმნა – ესაა მომხმარებლების დაცვის ფანტასტიკური მექანიზმი. ამის შესახებ საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ ხელმძღვანელმა გიორგი გოცაძემ jandacva.ge-ს განუცხადა.

ექსპერტთა იმ ნაწილისგან განსხვავებით, რომლებიც ასევე მოითხოვენ უნივერსალური პაკეტის შექმნას და ამბობენ, რომ მისი შეძენა კანონით ყველა მოქალაქისთვის სავალდებულო უნდა იყოს, გოცაძის პოზიციაა, რომ ასეთი პაკეტი აუცილებლად უნდა შეიქმნას, თუმცა მისი შეძენა ნებაყოფლობითი უნდა იყოს. ამ ნაწილში აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად,  ექსპერტები თანხმდებიან, რომ უნივერსალური, მინიმალური პაკეტის შემოღება აუცილებელია, რადგან „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამა უკვე დიდი ხანია, მოსახლოეობის საჭიროებებს ვეღარ აკმაყოფილებს და რეალურად საყოველთაოც აღარაა. ამასთან, „მინიმალური“ მათ ინიციატივაში გულისხმობს აუცილებელი რაოდენობისა და ხარისხის სამედიცინო სერვისების ერთობლიობას და არა მცირე, არასაკმარისი რაოდენობის მომსახურებებს.

„დღეს მომხმარებელმა არ იცის, რას ყიდულობს სადაზღვევო პაკეტის შეძენისას. როდესაც კანონით განისაზღვრება სტანდარტული უნივერსალური პაკეტი, ეს იქნება მომხმარებლის დაცვის ფანტასტიკური მექანიზმი, რადგან ის არ იქნება დაფუძნებული მომხმარებლის ცოდნაზე და მოქალაქეები რისკების 90%-სგან დაზღვეულები იქნებიან. მე ვსაუბრობ სავალდებულო პაკეტზე, სადაც სიტყვა „სავალდებულო“ ნიშნავს იმას, რომ ამაზე ნაკლებ სერვისებს სადაზღვევო კომპანია ვერ გაყიდის. კერძოდ, ამ პაკეტის პირველი კომპონენტი იქნება პირველადი ჯანდაცვა, რაშიც მოიაზრება არა მხოლოდ დიაგნოსტიკა და მკურნალობა, არამედ პრევენცია – მათ შორის სხვადასხვა სახის სკრინინგი, ასევე ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, რათა ადამიანებმა მეტი ივარჯიშონ და ნაკლები დალიონ… მეორე კომპონენტი უნდა იყოს ქრონიკული პაციენტების მართვა პირველადი ჯანდაცვის დონეზე – იგულისხმება წნევის კონტროლი, წნევის მარეგულირებელი მედიკამენტების დანიშნვნა და ა.შ. მესამე კომპონენტი კი ესაა ჰოსპიტალური მომსახურება როგორც ურგენტული, ისე – გეგმიური. ასევე უნდა იყოს ჩადებული რეაბილიტაციის ნაწილი, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ოპერაციის გაკეთებას, თუკი მას არ მოჰყვება სარეაბილიტაციო კურსი, უბრალოდ აზრი არ აქვს. ამ, „ა“ პაკეტის გარდა, სადაზღვევო კომპანიებს უნდა ჰქონდეთ „ბე“ პაკეტის შეთავაზების შესაძლებლობაც, რომელიც დამატებით სერვისებს შესთავაზებს მომხმარებლებს, თუმცა მისი შეძენის უფლება მხოლოდ მათ ექნებათ, ვისაც უკვე აქვს შეძენილი „ა“, პაკეტი.  “ – განმარტავს გიორგი გოცაძე.

Jandacva.ge დაინტერესდა, რამდენად გააუმჯობესებს უნივერსალური პაკეტის შექმნა მკურნალობაზე ონკოლოგიური პაციენტების ხელმისაწვდომობას. „კურაციოს“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ პრევენცია და სკრინინგი სწორედ ის გზაა, რამაც ონკოლოგიური პაციენტები გართულებებისგან უნდა დაიცვას, რასაც დღეს მოქმედი სახელმწიფო სკრინინგ-პროგრამები ვერ უზრუნველყოფენ.  უნივერსალური პაკეტის არსებობის შემთხვევაში კი ადამიანს ექნება სრულფასოვანი წვდომა მსგავს სერვისზე, თავისი ოჯახის ექიმის საშუალებით.

რაც შეეხება რთულ შემთხვევებს, ექსპერტის თქმით, პრევენციის განვითარების შემთხვევაში გართულებები უფრო იშვიათი იქნება და, შესაბამისად, მათი „აწევა“ სადაზღვევო სექტორსაც და სახელმწიფოსაც უფრო გაუმარტივდებათ, თუმცა ეს მაინც ვერ გამორიცხავს ცალკეულ შემთხვევებს, როდესაც მკურნალობა ასობით ათასი ლარი ღირს და ადამიანებს დახმარების თხოვნა სხვადასხვა სტრუქტურებისთვის უწევთ.

მაგრამ უნდა იყოს თუ არა ეს პაკეტი სავალდებულო შეძენის კუთხით – ექსპერტის აზრით, ამ საკითხში იძულება ადამიანის უფლებებთან წინააღმდეგობაში მოდის, თუმცა, გიორგი გოცაძე ამბობს, რომ სახელმწიფომ მაღალშემოსავლიან მოქალაქეებს დაზღვევა არ უნდა დაუფინანსოს, რის შედეგადაც ისინი იძულებულნი გახდებიან, შეიძინონ პაკეტი, რაც შესაძლოა იძულების ირიბ ფორმადაც ჩაითვალოს.

გიორგი გოცაძე ამბობს, რომ დღეს საყოველთაო ჯანდაცვა რეალურად არ გვაქვს. ამ მდგომარეობის გამოსწორება კი მხოლოდ უნივერსალური დაზღვევის პაკეტის შემოღებას შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ დაზღვევის უნივერსალური პაკეტის შემოღებას ჯანდაცვისა და დაზღვევის ექსპერტებისა და სადაზღვევო სექტორის დიდი ნაწილი ითხოვს.  მათი მოსაზრებით, დაუშვებელია, დაზღვევის პაკეტებში სამედიცინო სერვისები ადამიანის შემოსავლების მიხედვით იყოს განსაზღვრული და პაკეტში ჩადებული სერვისები მდიდრებისთვისაც და შეჭირვებულებისთვისაც იდენტური უნდა იყოს.

სპეციალისტების ხედვები მხოლოდ პაკეტის ღირებულების დაფარვის გზებში განსხვავდება. კერძოდ, ექსპერტების ერთი ნაწილის მოსაზრებაა, რომ მაღალშემოსავლიანმა მოქალაქეებმა დაზღვევა მთლიანად საკუთარი ხარჯებით უნდა შეიძინონ, საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის შესაძლებელი იყოს სადაზღვევო პრემიის ნაწილის დაფარვა საშემოსავლო გადასახადის ხარჯზე, ყველაზე მოწყვლადი ადამიანების კი დაზღვევის ტარიფს მთლიანად სახელმწიფო უნდა ფარავდეს.

„კურაციოს“ ფონდის ხელმძღვანელი, როგორც აღვნიშნეთ, ეწინააღმდეგება პაკეტის შეძენის სავალდებულო ფორმას და მომხრეა, ეს მოქალაქის გადაწყვეტილება იყოს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს გარკვერული შემოსავალი აქვს და პაკეტს მაინც არ შეიძენს, უნდა იცოდეს, რომ სამედიცინო სერვისის საჭიროების შემთხვევაში მას გადახდა თავად მოუწევს.

უნივერსალური პაკეტის შემოღების ინიციატივაზე საუბრისას, jandacva.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში პარლამენტარმა დავით სერგეენკომ ნეგატიური პოზიცია დააფიქსირა იმასთან დაკავშირებით, რომ დაზღვევის შეძენა მოქალაქეებისთვის სავალდებულო იყოს. რაც შეეხება ზოგადად უნივერსალური პაკეტის ამოქმედებას, სერგეენკო ამ მოდელის შემოღებას გადაჭრით არ უარყოფს და ამბობს, რომ სხვადასხვა ქვეყანას აქვს მსგავსი მოდელები, რაც საზოგადოებისყველა ფენის შეთანხმებას ეფუძნება.

 „სადაზღვევო სექტორის ინიციატივაში მთავარია, სახელმწიფო წავიდეს იმაზე, რომ ეს პაკეტი მანდატორული გახადოს ყველასთვის და ამის შემდეგ დაიწყოს საუბარი, დაფინანსების როგორ მოდელს გავაჩენთ. სწორედ ეს თანმიმდევრულობაა მათ ინიციატივაში არასწორი,“ – აცხადებს სერგეენკო, თუმცა ამ მიდგომის შეცვლის შემთხვევაში ის ამ საკითხის განხილვაში პოზიტიურ პერსპექტივას არ გამორიცხავს.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …