მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » „შემოვიდა ხარისხიანი თურქული წამლები“ – პრემიერი თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგებზე

„შემოვიდა ხარისხიანი თურქული წამლები“ – პრემიერი თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგებზე

თურქული ბაზრის გახსნის შედეგად საქართველოს მოსახლეობამ წამლებზე 80 მილიონი დაზოგა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის გახსნამდე განაცხადა.

„ბოლო თვეების განმავლობაში წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც ეხებოდა წამლების ფასების შემცირებას და მინდა ვთქვა, რომ მას შემდეგ, რაც თურქეთის ბაზარი გაიხსნა, შემოვიდა ხარისხიანი თურქული წამლები საქართველოში, ჩვენმა მოქალაქეებმა დაახლოებით 80 მილიონ ლარამდე დაზოგეს. ანუ ნაკლები გადაიხადეს წამლებში ვიდრე  ისინი გადაიხდიდნენ, რომ არ გაგვეხსნა თურქული ბაზარი. მაგრამ ამის მიუხედავად ზურაბ აზარაშვილი აქტიურად მუშაობს, რომ კიდევ უფრო მეტად დავაზღვიოთ აღნიშნული, ფასების გაზრდა რომ არ მოხდეს ან რაიმე შეთანხმება რომ არ მოხდეს. ამიტომ ახლა ბატონი აზარაშვილი მუშაობს იმაზე, რომ დაწესდეს რეფერენტული ფასები, რომ არცერთ კომპანიას, არცერთ იმპორტიორს არ მიეცეს საშუალება ფასებით მანიპულირების და ა.შ და შეთანხმებები არ მოხდეს ერთმანეთს შორის,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების გაიაფებისთვის ახალ რეფორმაზე მუშაობს. კერძოდ, 2023 წლის დასაწყისიდან, კონკრეტულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება. პირველ ეტაპზე, ფასების ზედა ზღვარი, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დადგინდება.

რეფერენტული ფასების დაწესება გენერიკების დონეზე იგეგმება და ნებისმიერი კომპანია, რომელიც კონკრეტული გენერიკის გაყიდვას გადაწყვეტს, ვალდებული იქნება, დადგენილ ტარიფზე მაღალი ფასი არ დააწესოს.

რაც შეეხება თურქეთის ბაზრის გახსნას, საქართველოსთვის თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი მიმდინარე წლის 17 იანვრიდან გაიხსნა. ცვლილების შედეგად ის ფარმაცევტული საშუალებები, რომლებიც თურქეთის ბაზარზეა აკრედიტებული, მათ შორის როგორც თურქული, ისე არათურქული წარმოების, საქართველოს ბაზარზეც ავტომატურად იქნება აღიარებული.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …