რეფერენტული ფასების დადგენასთან დაკავშირებით ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მომზადების გარეშე ამ სისტემის დანერგვამ, შესაძლოა, საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების გაქრობა გამოიწვიოს.
ირაკლი მარგველაშვილმა „საქმის კურსში“ განიხილა რისკები, რაც შეიძლება ფასთა რეგულირების ამ მოდელის გამოყენებას ახლდეს.
„ამ მიმართულებით ვერცერთ ქვეყანას ვერ შევედრებით, რადგან საქართველოში სპეციფიკური ჯანდაცვის სისტემა გვაქვს და ამ შემთხვევაშიც ადგილობრივად უნდა შეიქმნას ადაპტირებული სისტემა. მითუმეტეს ეროვნული ვალუტის მერყეობას თუ გავითვალისწინებთ, რაც ამის დადგენისას უმნიშვნელოვანესია.
შესაბამისი მომზადების გარეშე ამ სისტემის დანერგვამ შეიძლება გარკვეულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა გამოიწვიოს. თუ ფასი სწორად არ დავადეთ და ამა თუ იმ კომპანიამ თავისი პროდუქციის საქართველოს ბაზარზე შემოტანის ინტერესი დაკარგა, მაშინ ის მედიკამენტი ბაზრიდან გავა და ეს უკვე რისკია, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ”, – განაცხადა მან.
როგორც ირაკლი მარგველაშვილი განმარტავს, აღნიშნული სისტემა ისე უნდა იყოს მომზადებული, რომ მისი გადახედვა ნებისმიერ წუთში იყოს შესაძლებელი.
“ამისთვის საჭიროა ციფრული პლატფორმები და სხვა ქვეყნებთან კომუნიკაციის დამყარება, რადგან თუ ფასი იქ იცვლება, ბუნებრივია ფასი აქაც უნდა შეიცვალოს. ასე რომ ამის მომზადება კომპლექსური პროცესია და ყველა ბაზრის მოთამაშე უნდა იყოს ამაში ჩართული. არის ქვეყნები, სადაც გადახედვა ორ წელიწადში ერთხელ ხდება, ან წელიწადში 2-ჯერ. მაგალითად თურქეთში სოციალური უსაფრთხოების ინსტიტუტი არსებობს, სადაც ამის გადახედვა საჭიროებისამებრ ხდება, ანუ რუტინულად წელიწადში 2-ჯერ უყურებენ, მაგრამ თუ ვალუტის კურსის მნიშვნელოვანი ცვლილება ხდება, მაშინ მყისიერად გადაიხედება.
საქართველოს პირობებში, ვფიქრობ, ამის გადახედვა წელიწადში 2-ჯერ ან 3-ჯერ არის აუცილებელი და თუ რაიმე მნიშვნელოვანი მერყეობა [ვალუტის] მოხდა, მაშინ დროს არ უნდა დაველოდოთ და მყისიერი გადახედვა უნდა მოხდეს”, – განაცხადა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ აღნიშნულ საკითხზე ინტენსიური განხილვების დაწყებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან ელოდება.
ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების გაიაფებისთვის ახალ რეფორმაზე მუშაობს. საუბარია რეფერენტული ფასების დადგენაზე, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ზედა ზღვარს დააწესებს თუ რა ფასად უნდა მოხდეს მედიკამენტების გაყიდვა ან მათი იმპორტი. ფასები კი სხვა ქვეყნებთან შედარების საფუძველზე, კონკრეტული ფორმულით უნდა დადგინდეს. რეფერენტული ფასები ძირითადად იმ მედიკამენტებზე გავრცელდება, რომელიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. ესენია: ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატები.