„დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი, თითქოს, თურქეთის ბაზრის გახსნის პროექტი კოლაფსის ზღვარზეა. სამწუხაროდ, ეს არის ქვეყნის მტრობა“, – ასე გამოეხმაურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას.
როგორც ზურაბ აზარაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში აღნიშნა, 2022 წლის იანვრიდან, საქართველოს მოქალაქეებმა, მედიკამენტებზე 50 მილიონზე მეტი დაზოგეს, შესაბამისად, მათი ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა. რაც შეეხება თურქეთში, მედიკამენტებზე ფასების მატებას, მინისტრის განცხადებით, საქართველოში, თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტები არ გაძვირდება.
„თურქეთში, ფასების კორექტირება, პერიოდულად, ხდება და ეს აჟიოტაჟის საფუძველი ნამდვილად არ უნდა იყოს. ზუსტად იგივე მოხდა 2022 წლის თებერვალში, მაგრამ საერთოდ არ ასახულა თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების ფასებზე. ახლაც ასე დაკორექტირდა ლირის ფარმაცევტული კურსი ევროსთან მიმართებით. საქართველოში ამას არანაირი ეფექტი არ შეიძლება ჰქონდეს, რადგან, რეალურად, ფასების კორექტირება თურქეთში, ადგილზე ხდება, საქართველოში კი, მომხმარებელი, ამ მედიკამენტებს ლარში ყიდულობს“, – აღნიშნა მინისტრმა.
ზურაბ აზარაშვილმა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა დასახელების წამალი სრულად აკმაყოფილებს GDP და GMP საერთაშორისო სტანდარტებს.