სამედიცინო ველნეს კურორტ “ბიოლის” დამფუძნებელმა თამაზ მჭედლიძემ საგანმანათლებლო მიმართულებით საქართველოში ველნეს ინდუსტრიის განვითარებაში $40 მილიონის ინვესტიცია უკვე განახორციელა.
როგორც ბიზნესმენი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პროექტისთვის კომპანიამ შეისყიდა კოჯორში „ბიოლის“ მიმდებარე ტერიტორიები, სადაც აშენდა ინსტიტუტისთვის შენობა, მოეწყო კომუნიკაციები და სხვა.
მიმდინარეობს მოლაპარაკებები უნივერსიტეტებთან, რათა მათი სამედიცინო ბაზის გამოყენებით მოხდეს ველნეს თერაპევტებისთვის სასწავლო კურსის გავლა – თეორიული ნაწილი.
„ინსტიტუტის ნაწილი იქნება კოჯორში, ბიოლის ლოკაციაზე, მეორე ნაწილი კი რომელიმე კონკრეტულ უნივერსიტეტში,“ – აცხადებს მჭედლიძე.
მისივე განცხადებით, 2 წელში თანაინვესტორის შესარჩევად საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდება.
როგორც მჭედლიძე აღნიშნავს, 3 წელში ქვეყანას ველნეს თერაპევტების მოსამზადებელი ინსტიტუტი ექნება, სადაც დაინტერესებულ პირებს მაგისტრატურის გავლის შესაძლებლობა ექნებათ. ველნესის ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკას „ბიოლში“ გაივლიან.
შეგახსენებთ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა თამაზ მჭედლიძემ შპს „მედგრუპ ჯორჯიას“ კუთვნილი სამედიცინო ველნეს კურორტ “ბიოლის” მშენებლობა კოჯორში 2013 წელს დაიწყო. კურორტს ხარისხიანი და ნატურალური კვების პროდუქტებით საკუთარი ფერმა და სათბური უზრუნველყოფს. ჯამში კურორტის ფართობი 32 ჰექტარია.
კომპანიის მიზანია საქართველოში ველნეს ინდუსტრიის განვითარება და როგორც პრემიუმ კლასის, სამედიცინო კურორტის პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე.
თამაზ მჭედლიძე რუსეთში კლინიკების ქსელი „მედის“ მფლობელიცააა.