მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ჰემოფილიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  კონფერენცია გაიმართა

ჰემოფილიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  კონფერენცია გაიმართა

თბილისში ჰემოფილიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის  ეგიდითა და კ. ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრის  ხელშეწყობით მოეწყო. ღონისძიება მიზნად დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პროფილაქტიკური მკურნალობის ეფექტურობასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაზიარებას ისახავდა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ექიმი ჰემატოლოგები, ექსპერტები და პაციენტები, რომლებმაც  კიდევ ერთხელ შეაჯამეს  ჰემოფილიის მართვაში არსებული სირთულეები, ასევე იმსჯელეს პროფილაქტიკური მკურნალობის ხელმისაწვდომობის აუცილებლობასა და  და  მისი ეფექტურობის შესახებ.

განიხილა ასევე თემები როგორიცაა, ჰემოფილია საქართველოში, გუშინ და დღეს,  დაავადების პროფილაქტიკური მკურნალობის განვლილი ეტაპები და არსებული რეალობა,

ჰემოფილიის მკურნალობის მართვაში არსებული სირთულეები,  ფსიქოლოგის როლი ჰემოფილიით დაავადებულთა ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში  და სხვა.

კონფერენციის ფარგლებში პანელური დისკუსიაც გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ  ჰემოფილიის  ცენტრის ექიმი, პედიატრ-ჰემატოლოგი თამარ ნადირაძე, საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის პრეზიდენტი რომანოზ ხომასურიძე და პაციენტები. განიხილა საკითხები, როგორიცაა პროფილაქტიკური მკურნალობა სახელმწიფო პროგრამაში, როგორ აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს პროფილაქტიკური მკურნალობა და სხვა. ასევე გაეცნენ კონკრეტულ  ქეისებს და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.

როგორც საქართველოს ჰემოფილიის და დონორობის ასოციაციის პრეზიდენტი, რომანოზ ხომასურიძე განმარტავს, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში პაციენტებისთვის კლასიკური პროფილაქტიკური მედიკამენტები ხელმისაწვდომია. ორი წელია, მათ ინოვაციური პრეპარატი „ჰემლიბრა“ დაემატა, რომელიც მძიმე პაციენტებისთვისაა განკუთვნილი. არსებული პრეპარატებისგან განსხვავებით, რომელთა მიღება ინტრავენურად, კვირაში 2-3-ჯერაა აუცილებელი,  „ჰემლიბრას“ პაციენტი კვირაში ერთხელ, კანქვეშ იკეთებს. ჰემოფილიით დაავადებული ადამიანებისთვის კი, რომლებსაც ვენები დაზიანებული აქვთ, წამლის კანქვეშ შეყვანა ბევრად მოსახერხებელი და ურისკოა. ამასთან, ხომასურიძის განმარტებით, „ჰემლიბრას“ ეფექტურობა პრაქტიკულად 100%-იანია – თუ კლასიკური მედიკამენტების მიღების შემთხვევაში პაციენტებს სისხლდენის განვითარების 10-15%-იანი რისკი მაინც რჩებათ, „ჰემლიბრას“ გამოყენებას სისხლდენის შემთხვევები თითქმის 0-მდე დაჰყავს.

 

ექიმი-ჰემატოლოგი კოტე ჩომახიძე მთავარ პრობლემად ასევე მედიკამენტის მაღალ ფასსა და შეზღუდულ სახელმწიფო პროგრამას  ასახელებს. ამბობს, რომ აქედან გამომდინარე, ექიმებს პაციენტებს შორის პრიორიტეტის გაკეთება უწევთ. კერძოდ, პირველ რიგში, ისინი „ჰემლიბრას“ ბავშვებსა და დაავადების მძიმე ფორმის მქონე ადამიანებს უწერენ, რადგან ეშინიათ, რომ მედიკამენტი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება. თუმცა ჩომახიძე ამბობს, რომ დროთა განმავლობაში, როცა საქართველოში ბევრი პაციენტი დაგროვდება, რომელიც იღებს ამ მედიკამენტს, სხვა დაავადებულებიც დაინახავენ  ამ წამლის ეფექტიანობას და ისინიც მიიღებენ გადაწყვეტილებას, დაიწყონ „ჰემლიბრას“ გამოყენება. „მსოფლიოში დიდი ხანია წარმატებით იყენებენ ამ წამალს, თუმცა როდესაც პაციენტები დაინახავენ, რომ საქართელოში მცხოვრები ადამიანები იყენებენ მას და მკურნალობა წარმატებულია, სხვებიც თანდათანობით გადავლენ მის გამოყენებაზე,“ – განაცხადა ჩომახიძემ.

დასასრულს,  ჰემოსტაზისა და თრომბოზის ლაბორატორიის ხელმძღვანელის მარინა მდივნიშვილის წიგნის „ჰემოსტაზი სისხლდენითი პათოლოგიები და თრომბოზები“ პრეზენტაცია გაიმართა.

 

შეგახსენებთ, რომ ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით ჰემოფილიის საერთაშორისო დღე 1989 წლიდან, ყოველწლიურად 17 აპრილს აღინიშნება. ამ დღის მიზანია დაავადებასთან მიმართებაში საზოგადოებრივი დაინტერესება და ინფორმაციულობის დონის გაზარდა. ჰემოფილია თანდაყოლილი დაავადებაა და ძირითადად მამაკაცებში ვლინდება. ქალი კი, მხოლოდ დაავადების მტარებელია. დაავადების მქონე პირებს სისხლის შედედების პრობლემები აქვთ და სისხლდენებისკენ არიან მიდრეკილნი. ჰემოფილიას შეუძლია რადიკალურად გააუარესოს, როგორც დაავადებულთა, ასევე მათი ოჯახების, მეგობრებისა და მომვლელების ცხოვრების ხარისხი.

დღეს ჰემოფილიის მართვა უფრო მარტივია, ვიდრე ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ. აქცენტი კეთდება პროფილაქტიკურ მკურნალობაზე, რომელიც უზრუნველყოფს არა უკვე არსებული სისხლდენის შეჩერებას, არამედ იმას, რომ სისხლდენები ნაკლები სიხშირით ან სულ არ განვითარდეს. პროფილაქტიკური მკურნალობა პაციენტების საზოგადოებაში სრულ ინტეგრირების და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. პროფილაქტიკუმა მკურნალობამ ჰემოფილიით დაავადებული პაციენტების ცხოვრება  რადიკალურად შეცვალა, რაც  წინ გადაგმული ნაბიჯია მსოფლიო მედიცინაში,  დღეს, პაციენტს შესაძლებლობა ეძლევა რომ კვირაში ერთხელ კანკქვეშ გაიკეთოს საკმაოდ მარტივად მედიკამენტი, რაც შეუწყობს ხელს სისხლის შედედებას და პაციენტს სისხლჩქეცევები და სისხლდენა აღარ განუვითარდება“, საქართველოში ჰემოფილიის პროფილაქტიკური მკურნალობა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება, რისი დამსახურებითაც პაციენტები ჰემოფილიით გამოწვეული სისხლდენით აღარ იღუპებიან და მათი ცხოვრების ხარისხიც გაუმჯობესებულია.

საქართველოში ჰემოფილიითა და სხვა სისხლმდენი პათოლოგიით 397 ადამიანია დაავადებული, მსოფლიო სტატისტიკით კი 10 ათას მამაკაცზე ერთი ჰემოფილიით დაავადებულია. დღესდღეობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ამ დაავადებით 400 ათასამდე  ადამიანი ცხოვრობს. დღეს ჰემოფილიის მართვა უფრო მარტივი ხდება, უკვე არსებობს თანამედროვე შესაძლებლობები, რომლითაც ამ დაავადების დიაგნოსტირება და ადრეულ ეტაპზე გამოვლენაა შესაძლებელი, პროფილაქტიკური მკურნალობის შედეგად შესაძლებელია პაციენტების ცხოვრება სისხლდენის გარეშე.

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …