ელექტრონული რეცეპტის დანერგვის შემდეგ, იქნება თუ არა გარანტია, რომ ექიმები პაციენტებს სიტყვიერად არ მიუთითებენ, თუ რომელი მედიკამენტი უნდა შეიძინონ. ასეთ შემთხვევაში, მიღწეული იქნება თუ არა ის შედეგი, რომელიც ელექტრონული რეცეპტის შემოღების ერთერთ მთავარ მიზნად სახელდებოდა. კერძოდ, საუბარია ექიმების კომერციულ ინტერესზე, გამოწერონ კონკრეტული დასახელების წამალი.
11 აპრილიდან ამოქმედებული წესით, ექიმი ვალდებულია, რეცეპტში მხოლოდ აქტიური ნივთიერება მიუთითოს და შემდეგ პაციენტმა აფთიაქში თავად აირჩიოს წამალი შეთავაზებული სიიდან. თუმცა, ექიმს შეუძლია, პაციენტს კონკრეტული დასახელების პრეპარატის შეძენა ურჩიოს. როგორ აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო ამ პროცესის გაკონტროლებას?
აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, რომ ამ რისკის გადაზღვევის მთავარი მექანიზმია ელექტრონული რეცეპტების გამოწერის პროცესის მონიტორინგი. გაბუნიას თქმით, მიღებული მონაცემები აჩვენებს, თუ რომელი მედიკამენტი და ვის მიერ იქნა გამოწერილი და ამ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთება, აქვს თუ არა ადგილი არაკეთილსინდისიერ მარკეტინგს. თამარ გაბუნია ამბობს, რომ მთავარი სწორედ ელექტრონული მონიტორინგის შედეგების ანალიზია, თუმცა ასევე მიმართავენ ისეთ მეთოდებს, როგორიცაა პაციენტთან გასაუბრება, მედიკამენტების სატესტო შესყიდვები და სატესტო რეცეპტდანიშვნა.
„ელექტრონული რეცეპტის მოდულის ანალიტიკური შესაძლებლობები იძლევა მონიტორინგის გარანტიას. ანუ შეგვიძლია თვალი მივადევნოთ მედიკამენტების დანიშვნის ტენდენციას, რაც ძალიან თვალსაჩინოდ წარმოაჩენს არაკეთილსინდისიერი მარკეტინგის ან რაიმე ტენდენციური დამოკიდებულების რისკებს. ამ შემთხვევაში სამინისტროს რეაგირება ექნება და ამ პროცესში მნიშვნელოვანია მიმდინარე ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერება, რაც უკვე კეთდება. პირველი დღიდან, როგორც კი ამოქმედდა ელექტრონული რეცეპტის სისტემა, გარკვეული მიმართულებებით ანალიზი ტარდება,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, შესაძლოა, ექიმმა პაციენტს მისცეს რჩევა, რომელი მედიკამენტი შეიძინოს და ეს არ იყოს კავშირში მარკეტინგულ ინტერესთან. ასევე შესაძლოა მან პაციენტის არჩევანიც გაითვალისწინოს. მაგრამ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, მთავარია არჩევანის შესაძლებლობა, რაც აქამდე არ ყოფილა. ეს მექანიზმი კი შემდგომში უნდა იყოს გადაზღვეული იმით, რომ მონიტორინგის შედეგად გაირკვეს, რა მედიკამენტის გამოწერა ხდება, ხომ არ იკვეთება ტენდენციური დამოკიდებულება და რომელიმე მედიკამენტის ჭარბი და უპირატესი გამოწერა. გაბუნიას თქმით, ეს სხვა ქვეყნებში გამოცდილი პრაქტიკაა და მას საქართველოც საერთაშორისო პარტნიორებთან და ჯანმოსთან ერთად მიყვება.